თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მყისიერი გადახდების სისტემის შესყიდვის მიზნით ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტენდერის პროცედურა ჩატარდება მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების შესაბამისად.
ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ საგადახდო სისტემის მწარმოებელს, რომლებიც სატენდერო მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებენ.
ტენდერის პირობების თანახმად, სისტემის მწარმოებლები და მათთან დასაქმებული პერსონალი უნდა ფლობდნენ სათანადო გამოცდილებას რთული საგადახდო სისტემების წარმოების სფეროში. სატენდერო წინადადებების მიღება გაგრძელდება მიმდინარე წლის 10 აპრილამდე.
ტენდერში მონაწილეობის მსურველ მწარმოებლებთან შეხვედრა 14 მარტს გაიმართება.
მყისიერი გადახდების სისტემა არის საცალო გადახდის ელექტრონული შესრულება, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7/365 რეჟიმში. გადახდის შესრულება ხორციელდება იმავე მომენტში, მყისიერად და შესრულებისთანავე მიმღებისთვის თანხა დაუყოვნებლივ ხდება ხელმისაწვდომი.
გადახდები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამხორციელდება ლარში.
მყისიერი გადახდის სისტემაში ჩართული იქნებიან კომერციული ბანკები და სხვა (არასაბანკო) საგადახდო მომსახურების პროვაიდერები.
მომხმარებლები გადახდების ინიცირებისთვის ყველა შესაძლო არხის და საშუალების გამოყენებას შეძლებენ, იქნება ეს ფილიალი, ინტერნეტ-ბანკი, მობილური აპლიკაცია, QR-კოდი და ა.შ.