რისი უფლება აქვთ კომერციულ ბანკებს: ეროვნული ბანკის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2023
გამოწერა
საქართველოს საბანკო ასოციაციამ კლიენტები გააფრთხილა
თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებს აქვთ უფლება, ერთპიროვნულად მიიღონ გადაწყვეტილება ნებისმიერი მომხმარებლის ანგარიშების დახურვის შესახებ, განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ „პირველ არხის“ ეთერში.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ასობით მოქალაქის ანგარიში დახურეს. ამასთან, საქართველოს საბანკო ასოციაციამ არ გამორიცხა, რომ ეს შეიძლება მომავალშიც გაგრძელდეს.
„კომერციულ ბანკს აქვს უფლება, თავისი შეხედულებით და რისკების მართვის საფუძველზე გადაწყვიტოს, მომხმარებელს დაუხუროს ანგარიში თუ არა. ასეთი შემთხვევები მუდმივად ხდება“, - განაცხადა ლეჟავამ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბოლო დროს საქართველოში გაიზარდა რისკები, რაზეც მანამდე საქართველოს საბანკო ასოციაციაში აცხადებდნენ.
ასოციაციის ინფორმაციით, ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც საფასურის სანაცვლოდ, ქართული ბანკების კლიენტ ფიზიკურ პირებს უცნობი პირები, ძირითადად, რუსეთიდან, ფულს ურიცხავენ და შემდეგ ამ თანხის განაღდებას სთხოვენ.
„საქართველოს საბანკო ასოციაცია, საქართველოში ლიცენზირებული კომერციულ ბანკების სახელით, აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ზემოაღნიშნული საქმიანობა ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და მსგავსი საქმიანობით დაკავებული პირების მიმართ, შესაძლოა, დადგეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში..
ამასთან, ასოციაციამ გააფრთხილა მომხმარებლები ასეთი კლიენტების ანგარიშების დახურვის შესაძლებლობის შესახებ.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, რისკი არსებობს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასოციაციის მიერ აღნიშნული საქმიანობით არიან დაკავებულნი.
„სულ მცირე, საბანკო ანგარიშის დახურვა არის საფრთხე, შემდეგ მათ შეიძლება ლეგიტიმური მიზნებისთვისაც გაუჭირდეთ ამავე ან სხვა ბანკში ახალი ანგარიშის გახსნა, ასევე, უარეს შემთხვევაში, აქ რისკია უკვე სისხლის სამართლის დანაშაულში გარკვეული სახით ჩართულობის“, - თქვა ლეჟავამ.
ამასთან მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეროვნულ ბანკს ფიზიკურ პირებთან და მათ ტრანზაქციებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ჩვენ ვზედამხედველობთ ფინანსურ ინსტიტუტებს და მათ ვავალდებულებთ, რომ დაიცვან ჩვენი მოთხოვნები, მათ შორის ფიქტიური ანგარიშები არ უნდა გახსნან, სანქციების გვერდის ავლას ხელი არ უნდა შეუწყონ“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
საბანკო საკითხებში საქართველო, რომელიც არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ასრულებს ყველა საერთაშორისო სანქციას. საქართველოში აკრძალულია სანქციების ქვეშ მყოფი რუსული ბანკების ბარათების გამოყენება, აგრეთვე საქართველოს კომერციულ ბანკებსა და სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ ბანკებს შორის პირდაპირი ბანკთაშორისი გადარიცხვების სისტემის გამოყენება.
ყველა ახალი ამბავი
0