თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოში მოგზაურობა ზღვა ემოციისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების გარანტიაა, ნათქვამია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
წელს საქართველო ITB Berlin-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ამ სტატუსისთვის 25 ქვეყანა იბრძოდა. გამოფენა-ბაზრობა ITB Berlin კორონავირუსის პანდემიის შემდეგ რეალურ ფორმატში 6-9 მარტს პირველად გაიმართება.
„თუ ოცნებობთ მსოფლიოს ულამაზესი ადგილების ნახვაზე და ჯერ არ შეგიდგენიათ ამ წლის მოგზაურობის გეგმა, მაშინ ერთ საიდუმლოს გაგიზიარებთ: ყოფილხართ ოდესმე საქართველოს დედაქალაქში? ეს არის ქალაქი ულამაზესი პარკებით, ჩანჩქერებითა და მუზეუმებით, კარგი რესტორნებით და, რა თქმა უნდა, ღამის კლუბებით“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო უსაზღვრო კულტურის ქვეყანაა.
„თბილისი კიდევ ბევრ რამეს შემოგთავაზებთ. ეს ქალაქი გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი მოგზაურობა დაუვიწყარი იქნება", – ხაზგასმულია სტატიაში.
ITB Berlin-ის გამოფენა გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნება. საზეიმო გახსნას დაესწრება 2,5 ათასი მაღალი რანგის სტუმარი მსოფლიოს 181 ქვეყნიდან.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში 80-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.
კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა.