თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ევროპული ღირებულებების საერთო გაგება მყარი საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ასაშენებლად, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროკომისიამ 2023 წლის თებერვლის დასაწყისში გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს ევროკავშირში შესვლის განაცხადთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, მართლმსაჯულების თავისუფლება და უსაფრთხოება, სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა და ფინანსური კონტროლი და სხვ.
„საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც საზიარო ევროპული ღირებულებების საერთო გაგებაზეა დაფუძნებული, მყარი საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ასაშენებლად“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
დიპლომატის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს.
„ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებებზე და მიმართულია რეფორმებზე“, – აღნიშნა ელჩმა.
ამასთან, როგორც დიპლომატმა განაცხადა, დეზინფორმაციის სხვადასხვა სუბიექტები ცდილობენ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას, რათა ხელი შეუშალონ ინტეგრაციას, შეიტანონ განხეთქილება და შეამცირონ სოლიდარობა.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა და ამ მავნე ქმედებების დასაძლევად მჭიდროდ ვითანამშრომლოთ”, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის 23 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ევროკავშირი საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს. ოფიციალური დასკვნა კი შემოდგომაზე იქნება მზად.