დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ „მუსლიმების შეურაცხყოფისთვის“ ბოდიშის მოხდა მოითხოვა

ქვეყნის პარლამენტში განიხილავენ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, ფრაქციის ლიდერი მამუკა მდინარაძე მუსლიმების შეურაცხყოფაში, სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
საუბარია მდინარაძის განცხადებაზე კანონპროექტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა მოამზადეს. კანონპროექტი მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა ქართული ოპოზიციის, პრეზიდენტისა და აშშ-ის მხრიდან.
მდინარაძის თქმით, დაფინანსების საკითხი მარტივი არ არის და აქცენტის გაკეთება მხოლოდ დასავლეთიდან დაფინანსებაზე არ ღირს, რადგან ფინანსები შეიძლება შემოვიდეს ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. მდინარაძემ დასვა კითხვა, თუ რატომ არავინ საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში რადიკალური ისლამიზმის მიმდევრები ფინანსდებიან. არავინ იცის, საიდან შემოდის ფული და რა ფინანსდება, რა პროპაგანდა მიდის მასებში, აღნიშნა მან.

„მდინარაძემ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს შეურაცხყოფისთვის ბოდიში უნდა მოუხადოს... თუ საქართველოში ფინანსდებიან ექსტრემისტული მოძრაობები, რასაც ისლამთან საერთო არაფერი აქვს, მაშინ როგორ მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური?“ – განუცხადა ნაკაიძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, დეპუტატის მანდატის ფარგლებში მას უფლება აქვს იცოდეს და კატეგორიულად მოითხოვოს პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და უსაფრთხოების სამსახურიდან – რა ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებენ ქვეყანაში, რასაც მდინარაძე რადიკალურ ისლამს ეძახის.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ განცხადებით მდინარაძე განზრახ აღვივებს სიძულვილს საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ.
„რას ნიშნავს რადიკალური ისლამი? თუ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვინც ძალადობრივ ქმედებებს სჩადის ან მოუწოდებს, რას აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური? მდინარაძის ეს განცხადება ქვეყანაში ისლამოფობიის გაღვივებას და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის დისკრედიტაციას ემსახურება“, – აღნიშნა ნაკაიძემ.
კობახიძე: ქართული კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ" უცხოურ ანალოგებზე უკეთესია>>
დეპუტატის თქმით, სწორედ ეს იწვევს შიშს, რომ კანონის მიღების შემდეგ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციები გამოაცხადონ აგენტებად და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეზღუდონ მათი საქმიანობა.
„აქამდე თუ საქართველოს მუსლიმი საზოგადოების ძალადობრივ ნაწილად წარმოჩენა ხელისუფლების თვითმიზანი იყო, ახლა უკვე მას „ქართული ოცნება“ ინსტრუმენტად იყენებს ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ნაკაიძემ.
მისი თქმით, პირველ რიგში, მუსლიმი თემის ინტერესია, რომ მის წიაღში არ იყოს ძალადობისკენ მოწოდება და რადიკალურ ექსტრემისტული ჯგუფების ორგანიზება, რადგან მოძალადე და ექსტრემისტი არ არჩევს მუსლიმს და არამუსლიმს.
მას შემდეგ, რაც კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა, „ხალხის ძალამ“ ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირებაც გადაწყვიტა – „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, რომელიც ამერიკულის ანალოგი იქნება.
„ქართული ოცნება“ „უცხოური აგენტების“ შესახებ ორივე კანონპროექტს განიხილავს>>
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია დეტალურად განიხილავს „უცხოურ აგენტებზე“ ორივე კანონპროექტს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელს დაუჭიროს მხარი. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში მოქმედებს ანალოგიური, არაადეკვატურად მკაცრი კანონი, და ამგვარი კანონის მიღება პარტიაში არასწორად მიაჩნიათ.
უკმაყოფილების პირველი ტალღა
როგორც კი „ხალხის ძალამ“ განაცხადა, რომ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიცირებას გეგმავს, პროტესტის ტალღა მმართველი გუნდის ყველა ოპონენტის მხრიდან წამოვიდა. კრიტიკა ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე პროექტი პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდებოდა და გამოქვეყნდებოდა.
ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნამოქმედარია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების გაკონტროლება სურს. დეპუტატები, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დააარსეს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაინც მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი საქართველოს აახლოებს არა ევროპასთან, არამედ რუსეთთან.
კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ" - მთავარი თეზისები>>
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.
თავის მხრივ, ინიციატივის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ამერიკულ და რუსულ კანონებზე უკეთესია. მათი თქმით, ქართულ ვერსიაში გამოიყენება ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“, რომელიც „სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს“.
კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების სრული გამჭვირვალობა, აცხადებენ ინიციატივის ავტორები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს