საქართველოში ბანკების უმეტესობას დაცვა არ ჰყავს - გომელაური

ბანკები დაცვის დაქირავებაზე უარს ამბობენ და ამას დაზღვევის არსებობით ასაბუთებენ.
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ბანკების უმეტესობას დაცვა არ ჰყავს, რაც საბოლოოდ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა ხდება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
ასე უპასუხა მინისტრმა დეპუტატ კახი კახიშვილის კითხვას, ხომ არ გეგმავს შსს, რომ ბანკებში დაცვა სავალდებულო გახდეს.

„როდესაც ვეუბნებით, რომ დაცვა აიყვანონ, გვპასუხობენ, ჩვენ დაზღვეული გვაქვს თემა და პრობლემა არ გვაქვს. თუმცა, მერე ჩვენი, შსს-ს პრობლემა ხდება“, – განაცხადა მინისტრმა.

მას შემდეგ, რაც დანაშაული ხდება, ისინი სამართალდამცველებს ეკითხებიან „აბა, რა ქენით“, განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამით ეროვნული ბანკიც უნდა დაინტერესდეს.
გომელაურის თქმით, სამწუხაროდ, დაცვა მხოლოდ ერთ-ერთი ბანკის რამდენიმე ფილიალს ჰყავს.
„რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არის... რა თქმა უნდა, ამას მარტო ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, ვერ დავაძალებთ, გინდა თუ არა დაცვა აიყვანონ“, – აღნიშნა გომელაურმა.
რიგი საქართველოს ბანკის ძარცვაზე
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მასმედიაში, მათ შორის, ოპოზიციურ არხებში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ბანკთან პოლიციაა მობილიზებული, თუმცა ამაში ახალი არაფერია და ბანკებთან პატრულირება პერიოდულად ძლიერდება.
საქართველოში ბანკების გაძარცვის მცდელობა უმეტეს შემთხვევებში წარუმატებელია – ბოროტმოქმედებს მალე ადებენ ხელბორკილს. მაგრამ იყო „საქართველოს ბანკის“ ფილიალებზე რამდენიმე დიდი თავდასხმა იარაღით, მძევლებითა და მოთხოვნებით.
ესებუა განაჩენს ციხეში დაელოდება>>
ყველაზე გახმაურებული ძარცვა ზუგდიდში 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. მძარცველი ბანკში შენიღბული და შეიარაღებული შევიდა.
სპეცოპერაცია თითქმის მთელი დღე გაგრძელდა. საბოლოოდ ბოროტმოქმედმა მიიღო 500 ათასი დოლარი, რასაც ითხოვდა მძევლების გასათავისუფლებლად, და მიიმალა. ის 2023 წლის 8 თებერვალს დააკავეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს