გომელაური: არასრულწლოვანთა დანაშაული დიდი პრობლემაა საქართველოსთვის

არასრულწლოვანი დამნაშავეების 93% მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან, განაცხადა მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა უკვე ერთი წელია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრობლემაზე მუშაობს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში.
საქართველოს ქალაქებში გახშირდა არასრულწლოვანთა გუნდური თავდასხმები უცხოელებზე. ბავშვები გარს ერტყმიან უცხოელებს და ართმევენ მათ ჩანთებს, საფულეებსა და ტელეფონებს. საზოგადოება პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული ნამდვილად პრობლემაა. ეს ერთ-ერთი გამოწვევა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის“, – განაცხადა გომელაურმა.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ დამნაშავეები 7-დან 12 წლამდე ბავშვები არიან, აღნიშნა მინისტრმა.
„93% ჩვენი მოქალაქე არ არის. ხშირად პრობლემაა საზღვარზეც. ესენი გადმოდიან ე.წ. მწვანე საზღვარზე, არა გამშვები პუნქტით. ხდება მათი დაკავება. თუმცა, არც პასპორტი აქვთ, არც სახელი და გვარია ცნობილი. მათ უკან ვერ გავუშვებთ და გადმოგვყავს მიგრაციის სამსახურში“, – განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, რადგანაც ისინი ასაკით პატარა არიან, სახელმწიფოს მათი დიდხანს დაკავება არ შეუძლია, აღნიშნა მინისტრმა.
„ვიწყებთ მოკვლევას, უმეტეს შემთხვევაში, არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან გადმოსული. ხშირად უკან ვაბრუნებთ და დრო რომ გადის, ისევ უკან ბრუნდებიან, იქიდან გამომდინარე, რომ აქ თავისუფლად აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ: ეს არის ფულის თხოვნა თუ სხვადასხვა დანაშაული“, – განაცხადა გომელაურმა.
საქართველოში ახალი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება>>
საქართველოს შსს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად უკვე ერთი წელია მუშაობს პროექტზე, რომელიც ალბათ მალე შევა პარლამენტში. ეს იქნება პრობლემის გადაჭრის გერმანული მოდელი, განაცხადა გომელაურმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრობლემას მეორე მხარეც აქვს – ესაა რიგი მოქალაქეების უარყოფითი რეაქცია არასრულწლოვნების დაკავებაზე.
„ორ ცეცხლს შუა ვართ. სიმართლე რომ გითხრათ, სერიოზული პრობლემაა ნამდვილად“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 14 წლიდან მოქმედებს. ამასთან, სასჯელი არასრულწლოვნებისთვის უფრო მსუბუქია, ვიდრე სრულწლოვნებისთვის განკუთვნილი სასჯელი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს