თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო - ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
„უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე... ასევე, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე... ვაჭრობა არის ყველა მიმართულებით გაზრდილი, ჩვენს გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ეკონომიკის ზრდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
2023 წლის იანვარში საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა წინა წლის იანვართან შედარებით 29,1%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარს გაუტოლდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 2022 წლის მეოთხე კვარტალში 16,1% შეადგინა, რაც 2021 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
პრემიერის თქმით, ფინანსთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალი იყო. მშპ-ის უახლესი მაჩვენებლები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„ზოგადად, დინამიკა, რაც იკვეთება, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა: დასაქმება, მეტი სამუშაო ადგილები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ უმუშევრობა შემცირდა როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში, ასევე როგორც ქალაქად, ისე სოფლად.
„ეს ჩვენი ორწლიანი მუშაობის შედეგია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ საჭიროა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა.
„ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება. ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, დღეს არავითარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბარი არ იქნებოდა“, - აღნიშნა პრემიერმა.
ის ასევე შეეხო მიუნხენის კონფერენციის თემას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო. პრემიერმა აღნიშნა, რომ „ძალიან რთული ვითარებაა. გამოსავალი არ ჩანს. არ იციან როდის დასრულდება უკრაინაში ომი“.