თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. ქართველი პოლიტიკოსები უკვე ერთი კვირაა განიხილავენ ახალ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შენიშვნები აქვთ როგორც მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, ისე ოპოზიციას.
კანონპროექტი ინიცირებულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ, რომლის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობაში არიან. იგი ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობაში ახალი ტერმინის „უცხოური გავლენის აგენტის“ დამკვიდრებას. წინასწარი ინფორმაციით, ეს ტერმინი მოიცავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მასმედიას, რომელთა დაფინანსების მინიმუმ 20% უცხოეთიდან მოდის. ამ შემთხვევაში, ყველა აგენტს მოეთხოვება შემოსავლების დეკლარირება.
თავად კანონპროექტმა კითხვები მმართველ პარტიასაც გაუჩინა.
როგორც მმართველი ძალის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, სიტყვა „აგენტი“ ყურს ჭრის.
ამასთან მან აღნიშნა, რომ თავად რეესტრის შექმნის იდეა ცუდი არ არის.
მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა და მათი ანგარიშები არ უნდა იყოს შეშფოთების საგანი.
ქართული ოპოზიციისთვის კანონპროექტი მიუღებელია, რადგან, მათი აზრით, ის მიმართულია საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაჩენისკენ, რადგან გრანტების უმეტესობას არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ დასავლეთის ქვეყნებიდან იღებენ.
ეს არის პირდაპირი ნაბიჯი ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ემსახურება საზოგადოებაში დასავლელი პარტნიორების მიუღებლობის დათესვას, განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ.
პროექტი მიუღებელი აღმოჩნდა იმ პარტიებისთვისაც კი, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ სხვადასხვა საკითხებში თანამშრომლობენ. კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარი უკვე თქვეს პარტიებმა „საქართველოსთვის“ და „გირჩი“.
„არ მჯერა, რომ მიიღებენ, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, პასუხისმგებლობა აიღოს „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ამ პრორუსულ კანონპროექტზე, მხარი დაუჭიროს. ხალხსაც გაუმარტივებს საკუთარი თავის ბოლომდე შეცნობას“, – განაცხადა პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის დეტალებს ჯერ არ იცნობენ და ეს საკითხი უმრავლესობის ფორმატში იქნება განხილული.