თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის სხდომა დაგეგმილზე გვიან – 24 თებერვალს ჩატარდება. გადაწყვეტილება ამის თაობაზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საპატრიარქოსთან ერთად მიიღო.
სამონასტრო კომპლექსის პრობლემებისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კულტურის სამინისტრომ და საპატრიარქომ სამუშაო ჯგუფის სხდომის გადატანის გადაწყვეტილება საორგანიზაციო საკითხების უკეთესად მოგვარების მიზნით მიიღეს.
„შეგახსენებთ, რომ იუნესკომ დადებითად შეაფასა 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გელათის პრობლემებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა და მის ფარგლებში მუშაობა და თავის დასკვნაში სახელმწიფოს პროცესის განახლებისკენ მოუწოდა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კულტურის სამინისტრომ ყურად იღო ეს რეკომენდაცია და შეხვედრა თავდაპირველად 17 თებერვალს დანიშნა.
საქართველოს საპატრიარქო უკმაყოფილო დარჩა გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის სამუშაოებით და რესტავრაციის ჩატარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მართვის ერთიანი გეგმით მოითხოვა.
უფრო მეტიც, საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ჯგუფი, რომელიც ამჟამად კონსერვაციის სამუშაოებს ასრულებს, უფრო კომპეტენტური სპეციალისტებით უნდა ჩანაცვლდეს, რადგანაც, მიუხედავად მათი საქმიანობისა, გელათის ფრესკები კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მოვლენები გელათის ირგვლივ
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.
საქართველოს ხელისუფლებამ კომპლექსის რესტავრაცია 2017 წელს დაიწყო. პრობლემები ტაძარში 2020 წლის მარტში გამოჩნდა, როდესაც შემოწმებამ გამოავლინა, რომ კრამიტით გადახურულ აღდგენილ სახურავში წყალი ჟონავდა. წყალმა დააზიანა ფრესკები ტაძრის დასავლეთ ფრთაში.
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილი მოხადა და წყალმა კვლავ დააზიანა ფრესკები.
დროებით გადახურვასაც და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებსაც სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა (ძეგლის გადახურვის სპეციალისტები – პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი და კედლის მხატვრობის სპეციალისტი მარიო პულიერი).
უწყებაში ადასტურებენ, რომ ამჟამად ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი.