სკანდალი გელათის მონასტრის ირგვლივ - ახალი ბრალდებები და კულტურის სამინისტროს პასუხი
22:23 01.02.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023)
© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaგელათი
© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
გამოწერა
ამჟამად სარესტავრაციო სამუშაოები სამონასტრო კომპლექსში შეჩერებულია
თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის დასკვნა გელათის სამონასტრო კომპლექსის წმინდა ღვთისმშობლის ტაძრის ირგვლივ სკანდალის ახალ საბაბად იქცა - კულტურის სამინისტრომ მას პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა.
ცენტრის სახელით გამოქვეყნებულ დასკვნაში საუბარია ტაძრის ბოლო სარესტავრაციო სამუშაოებზე. როგორც ცნობილია, ტაძარში წყლის ჩასვლის გამო საფრთხეში აღმოჩნდა XII – XVIII საუკუნეებში შექმნილი ფრესკები. დასკვნაში საუბარია დაუსრულებელ სამუშაოებზე და ფრესკების რესტავრაციის წესების დარღვევაზე.
„სამინისტრო აცხადებს, რომ კვლევითი ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა სამინისტროსა და მის მიერ გელათში შექმნილი პრობლემების გამოსასწორებლად ქვეყნის შიგნიდან თუ უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტების ჩართულობის გარეშე იქნა შემუშავებული და ის, შესაბამისად, შორს არის მეცნიერული დასკვნისაგან თუნდაც მისი შემუშავების მეთოდიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო მოცემულ დასკვნას ერთი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ჯგუფის მოსაზრებების კრებულს უწოდებს. სამინისტროს მტკიცებით, ეს პირები 2021 წლიდან ცენტრის ხელმძღვანელობასა და სამინისტროსთან კონფლიქტში არიან.
სამინისტრო მკვლევარებს იმაშიც ადანაშაულებს, რომ მათ დასკვნა ცენტრის დირექტორისგან მალულად შეიმუშავეს, რომელიც ამავდროულად ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეცაა.
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaგელათი
გელათი
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
„ცენტრის ხელმძღვანელისა და ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის გვერდის ავლით „დამტკიცებული“ დასკვნა წარმოადგენს თუ არა კვლევითი ცენტრის დასკვნას, ეს საკითხი სამინისტროს მხრიდან დამატებითი სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, ცენტრისეული რეკომენდაციების საზოგადოებისათვის წარდგენა ცენტრის შესაბამისმა მეცნიერებმა არა ცენტრის ოფისში ან სამინისტროში, ან კიდევ რომელიმე სამეცნიერო სივრცეში, არამედ პოლიტიკური პარტიის ოფისში მოისურვეს.
სამინისტრო არც დასკვნის პროფესიონალური მხარითაა კმაყოფილი.
„მათ არავითარი პრაქტიკული გამოცდილება კედლის მხატვრობის კონსერვაცია-რესტავრაციის დარგში არ გააჩნიათ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო მეცნიერებს იმაში ადანაშაულებს, რომ მათ გამო უწყება ვერ აგრძელებს კომპლექსის რესტავრაციას.
ამ მომენტში სარესტავრაციო სამუშაოები შეჩერებულია, რადგან სამინისტრო ელოდება ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) და კულტურულ ფასეულობათა შენახვა-რესტავრაციის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCROM) მრჩეველთა ერთობლივი მისიის დასკვნას. მისიის წევრები საქართველოს დეკემბერში სტუმრობდნენ.
მისიამ უნდა შეაფასოს გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის საერთო მდგომარეობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021-2022 წლებში ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოები, წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში კედლის მოხატულობის კონსერვაციისა და რესტავრაციისთვის გამოყენებული მეთოდები და მასალები, ასევე კულტურის სამინისტროს მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგები.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესაა დაცული.
© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaგელათი
გელათი
© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
საქართველოს ხელისუფლებამ კომპლექსის რესტავრაცია 2008 წელს გადაწყვიტა. პრობლემები ტაძარში 2020 წლის მარტში დაიწყო, როდესაც შემოწმებამ გამოავლინა, რომ კრამიტით გადახურულ აღდგენილ სახურავში წყალი ჟონავდა. წყალმა დააზიანა ფრესკები ტაძრის დასავლეთ ფრთაში.
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილი დააზიანა და წყალმა კვლავ დააზიანა ფრესკები.
დროებით გადახურვასაც და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებსაც სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა (ძეგლის გადახურვის სპეციალისტები – პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი და კედლის მხატვრობის სპეციალისტი მარიო პულიერი).
უწყებაში ადასტურებენ, რომ ამჟამად ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი.