მედიკოსებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს

ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი შექმნილი პრობლემების გადასაჭრელად სამუშაო ჯგუფის შექმნას მოითხოვს.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. ექიმებმა, ფსიქოლოგებმა, ადრეული განვითარების სპეციალისტებმა, ასევე სპეცპედაგოგებმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებს სამინისტროსთან გაშლილი ჰქონდათ ბანერები, რომელზეც მათი მოთხოვნები ეწერა: „ნუ გვიგვიანებთ მინიმალურ ხელფასს!“, „ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს!“, „მოგვეცით ანაზღაურებადი დეკრეტი”, „ერთობა ჩვენი ძალაა!“, „გაწეულ შრომაზე ადეკვატური ანაზღაურება!”, „მოგვეცით ბენეფიციარამდე მისასვლელი გზის ხარჯი!“
საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. 2023 წლის 14 თებერვალი

„ჩვენ ვითხოვთ, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩვენ შეგხვდება. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. თუ დასაქმებულების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, არ გამოვრიცხავ, რომ ადგილი ჰქონდეს გაფიცვას და ამ ადამიანებმა მუშაობა შეწყვიტონ მანამ, სანამ მათ ღირსეული სამუშაო პირობები არ ექნებათ“, – განაცხადა ჯანდაცვის და მომსახურების სფეროების პროფკავშირების „სოლიდარობის ქსელის“ იურისტმა დავით ომსარაშვილმა.

„მაქსიმუმს ვაკეთებთ“ - აზარაშვილმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლების პროტესტზე ისაუბრა >>
აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროში შეიტანეს განცხადება, სადაც მათი მოთხოვნებია გაწერილი. კერძოდ, ისინი ითხოვენ ადეკვატურ ხელფასს, ბენეფიციარებთან მისასვლელად მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას, ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას.