სკოლის მოსწავლეებს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ

საუბარია 30 სკოლაზე, რომლებიც ქვეყნის ისეთ რაიონებში მდებარეობს, სადაც პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა არ არის.
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. მიმდინარე წელს 30 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ახალი პროექტის დეტალები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და მის მოადგილეებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
პროექტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული პროგრამების დანერგვა.
საუბარია 30 სკოლაზე, რომლებიც საქართველოს ისეთ რეგიონებში მდებარეობს, სადაც პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა არ არის.

2023 წელს საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა თბილისში, ბორჯომში, ბათუმში, ახალქალაქში, ბოლნისში, ამბროლაურში, ქობულეთში, თელავში, მესტიაში, ფოთსა და ხობში.

შეხვედრაზე ხაზგასმით იყო საუბარი პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის საკითხზე. კერძოდ, 2023 წელს დაინერგება გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი პროექტები, რაც უცხოურ სასწავლებლებთან ერთად პროფესიული პროგრამების განხორციელებას შესაძლებელს გახდის. გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის.
საერთაშორისო სტანდარტების სწავლების ხელშეწყობის მიზნით პროფესიულ კოლეჯებში წელს კიდევ უფრო მეტი უცხოელი მასწავლებელი იმუშავებს.