თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველო 2023 წლის 11 თებერვლიდან ორი წლის ვადით გახდება TRACECA-ს („ტრასეკა“) მთავრობათშორისი კომისიის (IGC) თავმჯდომარე ქვეყანა, იუწყება „პირველი არხი“.
ეს გადაწყვეტილება მიიღეს საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა TRACECA-ს (ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო დერეფანი) IGC-ს ყოველწლიურ მე-16 სხდომაზე, რომელიც თბილისში გაიმართა.
სხდომის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მულტიმოდალური და საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობა და „ტრასეკას“ დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური მიმართულებები.
გარდა ამისა, დღის წესრიგში იყო ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციებმა განიხილეს 2021 წელს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის „ტრასეკას“ სანებართვო სისტემის დანერგვის შედეგები, ხელშეკრულების მხარეების მიერ მთავრობათშორისი კომისიის გადაწყვეტილებების განხორციელების სტატუსი, ინფორმაცია საერთაშორისო ხელშეკრულებებში ჩართვის შესახებ.
ასევე ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს „ტრასეკას“ ანგარიშზე მთავრობათშორისი კომისიის 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის მიზანია 2016-2026 წლებში ევროპა–კავკასია–აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების სტრატეგიის განხორციელება.
მთავრობათშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი მუდმივ სამდივნოებსა და გაეროს ნაკლებად განვითარებული ქვეყნების, ზღვაზე გაუსვლელი ქვეყნებისა და მცირე კუნძულების განვითარებადი ქვეყნების უმაღლესი წარმომადგენლის ოფისს შორის.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ თურქმენეთი მზადაა მიუერთდეს ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო დერეფნის („ტრასეკას“) ძირითად მრავალმხრივ შეთანხმებას.
მთავრობათშორისი კომისიის სხდომაზე მიიღეს „ტრასეკას“ დერეფნის მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტისა და სამთავრობათშორისი კომისიის სხდომის შემაჯამებელი რეზოლუცია.
„ტრასეკას“ სამთავრობათშორისი კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ძირითადი მრავალმხრივი მხარეების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ასევე „ტრასეკას“ ეროვნულმა მდივნებმა, სამთავრობათშორისი კომისიის დამკვირვებელმა ქვეყნებმა, „ტრასეკას“ პარტნიორმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
წლევანდელი მაღალი დონის ღონისძიება საიუბილეოა და „ტრასეკას“ შექმნიდან 30-ე წლისთავსა და „ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ“ მრავალმხრივი შეთანხმების (MLA) ხელმოწერის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.
საქართველო და TRACECA
საქართველო „ტრასეკას“ აქტიური წევრი 1993 წლის მაისში ბრიუსელში გამართული კონფერენციის შემდეგ გახდა, რომელმაც სათავე დაუდო TRACECA-ს, რომელსაც აფინანსებს ევროპის საბჭო და მიზნად ისახავს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ევროპიდან შავი ზღვის, კავკასიის, კასპიის ზღვის გავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებზე გასვლით.
საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი ევროპა–კავკასია–აზია (TRACECA) მოიცავს მონაწილე 13 ქვეყნის სატრანსპორტო სისტემებს, ასევე დამკვირვებელ ქვეყნებს TRACECA-ს მთავრობათშორის კომისიაში, რომლებიც გაერთიანებული არიან აღმოსავლეთი–დასავლეთის მიმართულების საერთაშორისო ტრანსპორტის შემდგომი განვითარების იდეით.