მიმდინარე წლიდან საბავშვო ბაღების ავტორიზაცია იწყება

სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ განხორციელდება.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოში საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2023 წელს დაიწყება და 2030 წელს დასრულდება. აღნიშნული საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და მის მოადგილეებთან შეხვედრაზე განიხილა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავტორიზაციის გასავლელად საბავშვო ბაღების შეფასების პროცესს დაიწყებს. ეს ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის შესწავლის გაუმჯობესების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს ბილინგვური განათლების დანერგვა.
საქართველოს მთავრობა საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას იწყებს>>>
მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახალი საბავშვო ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდება. მისი თქმით, 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,3 მლრდ ლარი დაიხარჯება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მლნ ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.