თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ათ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა (საქართველოს საზღვრიდან 616 კმ), რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. შემდეგ, ნაშუადღევს, 13:24 საათზე მოხდა მეორე ბიძგი – 7,6 მაგნიტუდის (538 კმ საქართველოს საზღვრიდან), ასეთია თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ მონაცემები.
„ჩვენ სწრაფად დავასრულებთ საპრეზიდენტო და საპარლამენტო პროცესებს, რომლებიც უკავშირდება გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის შესახებ, ის სამ თვეს გაგრძელდება და მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაზე გავრცელდება“, - ციტირებს ერდოღანს „რია ნოვოსტი“.
საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი პირველი ბიძგის მაგნიტუდამ შეადგინა 7,8 ბალი, მეორის - 7,5.
ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 3.432 და დაშავდა 21 ათასზე მეტი ადამიანი. დაინგრა 5500-ზე მეტი შენობა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.
ბოლო ცნობებით, სირიაში მიწისძვრამ იმსხვერპლა 812 და დაშავდა 1.449 ადამიანი. ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში დაინგრა დაახლოებით 150 შენობა.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ასევე ისრაელში, ერაყსა და საქართველოში.