ჭამას მოუმატა - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილის მდგომარეობაზე

სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ექს-პრეზიდენტი კვების ამ რეჟიმს გააგრძელებს
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა რაციონი გააფართოვა, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.
სააკაშვილი კლინიკაში მკურნალობას 2022 წლის მაისიდან გადის. კლინიკის ხელმძღვანელობის განცხადებით, ექს-პრეზიდენტის მთავარი პრობლემა სხეულის მასის ინდექსია, რადგან ის შერჩევით დაბალკალორიულ საკვებს მიირთმევს.
„ტემპერატურა საღამოს 37,2 აღენიშნებოდა, დღეს, 37,3 აღენიშნება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მან კვების რაციონი შედარებით გააფართოვა. მე არ ვიცი, ვინ რას გეტყვით თქვენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაციონი უფრო გაფართოვდა და იმედია, ეს ასე გაგრძელდება“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ თვეზე მეტია განიხილავს. კომპლექსური სამედიცინო დასკვნის თანახმად, რომელსაც ეყრდნობა დაცვის მხარე, მსჯავრდებულს აქვს კახექსია და დემენცია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ორივე დიაგნოზი პაციენტის გათავისუფლების საფუძველია.
გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი დაბალკალორიულ საკვებს იღებს, რეგულარულად უარს ამბობს სამედიცინო დანიშნულების შესრულებაზე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები ამაზე პასუხისმგებლები ვერ იქნებიან.
ამასთან, ბრეგაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი უარს ამბობს ექიმების მიერ შეთავაზებულ ინტრავენურ კვებაზე და მოითხოვს რეანიმაციაში გადაყვანას, თუმცა ამის ობიექტური მიზეზები არ არსებობს. მისი თქმით, ეს სააკაშვილის მხრიდან თვითდაზიანების პროცესის მორიგი გაგრძელებაა და ის პოლიტიკური ძალის მიერ არის წახალისებული.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ თვეზე მეტია განიხილავს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ორჯერ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან. 12 მაისიდან ის „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.
მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" დეგრადირებული ძალაა>>>
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.
სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.
ამასთან, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექიმები, რომლებიც მუშაობდნენ კომპლექსურ სამედიცინო დასკვნაზე, ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საკვებზე უარს კი არ ამბობს, არამედ ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ჭამს.
„მიზანი - საქართველოს ომში ჩართვაა": თბილისში ზელენსკის განცხადებას უპასუხეს>>>
მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდეს.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ბრეგაძე: სააკაშვილი გათავისუფლების მიზნით თვითდაზიანებას ეწევა>>>
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს.
მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.