თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება.
ამასობაში, ამ საქმის ირგვლივ კამათი არ ცხრება. ოჯახი და ადვოკატები აცხადებენ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი კვდება, ციხის ადმინისტრაცია კი მას თვითდაზიანების მიყენებაში ადანაშაულებს. თავად სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
ადვოკატების თქმით, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარეების ბოლო დებატები გაიმართება, რის შემდეგაც მოსამართლემ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება ექს-პრეზიდენტის შემდგომ ბედთან დაკავშირებით.
ხელისუფლების პოზიცია
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ ამტკიცებენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობის მიზეზი თვითდაზიანებაა.
„უნდა აიხსნას, რა არის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანების მიზეზი. თუ აღმოჩნდება, რომ მიზეზი არის ისეთი, რაც არის თვითდაზიანების რეჟიმში, ბუნებრივია, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას გამორიცხავს“, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
ახალი შტაბი
სააკაშვილის ყოფილმა თანამებრძოლებმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში უკვე შექმნეს შტაბი მათი იდეოლოგიური ლიდერის გათავისუფლებისთვის. მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა უკვე განაცხადა, რომ აპირებს ექს-პრეზიდენტის ძალით გათავისუფლებას.
თუმცა მმართველ პარტიაში ამას სკეპტიკურად უყურებენ.
„მათი ხმაშეწყობილი მოქმედებები მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა და რა თქმა უნდა, მას როგორც ვხედავთ მოუწოდებენ, რომ თავი მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენოს და ამ ფორმით ეგება მოხდეს მისი სასჯელისგან თავის დაღწევა“, - განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ თვეზე მეტია განიხილავს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ორჯერ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან. 12 მაისიდან ის „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.
სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.
ამასთან, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექიმები, რომლებიც მუშაობდნენ კომპლექსურ სამედიცინო დასკვნაზე, ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საკვებზე უარს კი არ ამბობს, არამედ ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ჭამს.
მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდეს.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს.
მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.