წულუკიანი: სააკაშვილი მსჯავრდებულია და ვალდებულია მოიხადოს სასჯელი

პატიმარმა უნდა გააცნობიეროს, რომ დანაშაული ჩაიდინა და არის მსჯავრდებული, განაცხადა კულტურის მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი ამჟამად მსჯავრდებული დამნაშავეა და სასჯელი უნდა მოიხადეს, ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
სააკაშვილს ორ სისხლის სამართლის საქმეზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ვადის მოხდის ათვლა მისი დაკავების მომენტიდან, 2021 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო.

„დღეს სააკაშვილი არის სასჯელმისჯილი პატიმარი, რომელიც არის რთული ქცევის მქონე და ყველაფერზე მიდის, რათა კანონიერი სასჯელი აირიდოს. ის კრიმინალია და, რასაკვირველია, უნდა მოიხადოს სასჯელი, რომელიც აქვს მისჯილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, როდესაც პატიმარი რთულ ქცევას ირჩევს, საკუთარ თავს აზიანებს, ასეთ დროს ევროპული სასამართლო პასუხისმგებლობების საკითხს ორი მიმართულებით იხილავს. ესაა ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა და თავად მსჯავრდებულის პასუხისმგებლობა.
„ვფიქრობ, ეს პირველი ტესტი პენიტენციურ სამსახურს ჩაბარებული აქვს და პასუხია – დიახ, სახელმწიფო, ანუ პენიტენციური სამსახური ამისთვის ყველაფერს აკეთებს“, – განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება პატიმრის პასუხისმგებლობას, მინისტრმა ასე განმარტა: მან უნდა გააცნობიეროს, რომ ჩაიდინა დანაშაული და მსჯავრდებულია.
„ვივამედის“ დირექტორმა ცენტრი „ემპათია“ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებაში დაადანაშაულა >>
„ადამიანს ევალება სასჯელის მოხდა და უნდა შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება. რა თქმა უნდა, ამ ნაწილში პასუხისმგებლობა სრულად არის პატიმარზე, ვინაიდან სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მას ცუდი ქცევა შეაწყვეტინოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ განხილვის მთავარ თემად რჩება. დღეს მისი მდგომარეობის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილეს ევროპარლამენტში, სადაც ექს-პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნის მოწოდებები გაისმა.
თუმცა კულტურის მინისტრი ამას სკეპტიკურად უყურებს.

„მორიგ ჯერზე ევროპარლამენტარების მცირე ჯგუფი ლამის ცარიელ დარბაზებში ცდილობს გააგრძელოს აჟიტირება თემით, რომელსაც ჰქვია ჰუმანიტარული საქმე მიხეილ სააკაშვილისა. ასე მოიგონეს ახლა“, – განაცხადა წულუკიანმა.

ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ თვეზე მეტია განიხილავს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ორჯერ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან. 12 მაისიდან ის „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.
სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.
ამასთან, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექიმები, რომლებიც მუშაობდნენ კომპლექსურ სამედიცინო დასკვნაზე, ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საკვებზე უარს კი არ ამბობს, არამედ ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ჭამს.
„მიზანი - საქართველოს ომში ჩართვაა": თბილისში ზელენსკის განცხადებას უპასუხეს>>>
მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდეს.

დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ბრეგაძე: სააკაშვილი გათავისუფლების მიზნით თვითდაზიანებას ეწევა>>>
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს.
მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.