„ვივამედის“ დირექტორმა სააკაშვილის მთავარი დიაგნოზი დაასახელა – დეტალები სასამართლოდან

ნინო ნადირაძეს მკვეთრი რეაქცია ჰქონდა სააკაშვილის დაცვის, განსაკუთრებით შალვა ხაჭაპურიძის კრიტიკულ კითხვებზე.
Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ მსჯავრდებული ექს–პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და მისი ნათესავები და ახლობლები გააკრიტიკა პაციენტისთვის მიტანილი საკვების გამო.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომის დასაწყისში ექს–პრეზიდენტის დაცვა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის დაკითხვის შუამდგომლობით გამოვიდა.
ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ბრეგაძის განცხადებები ხელს უშლის მართლმსაჯულებას. ამასთან, ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მინისტრის სიტყვები, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა და არ ემორჩილება ექიმებს, ლეტალურ შედეგზეა მიმართული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა იუსტიციის მინისტრის დაკითხვის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური თანამდებობა უკავია, აკეთებს გარკვეულ განცხადებებს პრესასთან, არ შეიძლება იყოს მოწმე.
არევაძის თქმით, მოსამართლეს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ საკითხის განხილვა არ გაჭიანურდეს.
„ვფიქრობ, ყველა დამატებითი მოწმის დაკითხვა წაგვართმევს დროს. მით უფრო, ისეთი მოწმის, რომელიც არ არის სპეციალისტი, ექსპერტი და ის ვერ მოგვაწვდის მსჯავრდებულის ჯანმრთელობის თაობაზე ინფორმაციას“, – განაცხადა არევაძემ.
როდესაც მოწმე ნინო ნადირაძის დაკითხვის დრო მოვიდა, სასამართლოს დარბაზში ემოციური ფონი თანდათან გამძაფრდა. გენერალურ დირექტორს მკვეთრი რეაქცია ჰქონდა სააკაშვილის დაცვის, განსაკუთრებით შალვა ხაჭაპურიძის კრიტიკულ კითხვებზე. ის ან სარკაზმს მიმართავდა და საუბარი მის გარეგნობაზე გადაჰქონდა, მას მეტროსექსუალს უწოდებდა, ან ამაღლებული ტონით პასუხობდა.
პატიმრობის აუტანლობა
ნადირაძემ დაადასტურა ერთ–ერთი დიაგნოზი, რომელიც კომპლექსურ სამედიცინო დასკვნაშია მითითებული და რომელსაც სააკაშვილის დაცვა ეყრდნობა. საუბარია კახექსიაზე (ორგანიზმის უკიდურესი გამოფიტვა), რაც, როგორც ადვოკატები ამბობენ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, მსჯავრდებულის გათავისუფლების საფუძველია.
„მალაბსორციით გამოწვეული კახექსია მძიმე დიაგნოზია, თუმცა მიხეილ სააკაშვილის კახექსია გამოწვეულია კვების გამო. დაგვთანხმდეს კვებაზე, კვებითი დანამატების მიღებაზე, შესაბამის მკურნალობაზე და დაინახავთ, როგორ იქნება“, – განაცხადა ნადირაძემ.
სააკაშვილის მთავარ პრობლემად მან პატიმრობის აუტანლობა დაასახელა.
„მისთვის წამყვანი დიაგნოზია ის, რომ სასჯელაღსრულების სისტემას ვერ ეგუება, არ შეუძლია“, – განაცხადა ნადირაძემ და დასძინა, რომ მას უკვე ჰყავდა მსგავსი პაციენტები.
მან უარყო დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექიმების, მათ შორის, უცხოელების მტკიცება, რომ სააკაშვილს ჭამა ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო არ შეუძლია.
ნადირაძის თქმით, სააკაშვილის ნათესავები არ ითვალისწინებენ ენდოკრინოლოგის დანიშნულებას კვების შესახებ და უფრო მეტიც, სტუმრები მას ეუბნებიან, რომ არ იკვებოს, რათა არ გამოჯანმრთელდეს.
„იქნებ რამე გემრიელი მოიტანონ“ - „ვივამედის“ დირექტორი სააკაშვილის ნათესავებზე>>
„ნივრიანი პურისა და გაჭყლეტილი ნივრის კონკრეტული რაოდენობის მოტანა, არ ვიცი, რაში წერია... რომელ გაიდლაინში წაიკითხეს. დაანებეთ ამ ადამიანის წამებას თავი, დაანებეთ მისი სუიციდის ხელშეწყობას თავი. მე ამას ვაფიქსირებ, მე ამას ვუყურებ ყოველდღიურ რეჟიმში. არცერთი თქვენგანი არ შესულხართ და არ გითქვამთ ერთი სიტყვა: მიშა, ჭამე“, – განაცხადა ნადირაძემ, როდესაც სააკაშვილის ადვოკატებს მიმართავდა.
მისი თქმით, სააკაშვილს უყვარს გემრიელი საკვები. ახალ წელს ჭამა საცივი, ხაჭაპური და მედპერსონალსაც გაუმასპინძლდა.
„ყოველდღე როდესაც შემოგაქვს ერთი ცალი მოხარშული კვერცხი, მაღაზიის სოკოს ცივი შილაფლავი და ნაცრისფერი მჭადი, ოთხი ცალი სალათის ფურცელი, შენ ამით დადებით შედეგს ვერ მიიღებ, მით უმეტეს, თუ ფიქრობ, რომ მძიმე ნაწლავური დაზიანებაა“, – განაცხადა ნადირაძემ.
რეანიმაცია უადგილოა
„ვივამედის“ დირექტორმა კომენტარი გააკეთა ასევე აჟიოტაჟზე სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის შესახებ.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ექს–პრეზიდენტს, რომელმაც ბოლო კვირაში წონის კლება შესამჩნევად დაიწყო, პარენტერალური კვება შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა. სააკაშვილმა განმარტა, რომ ეს არის უარი მკურნალობაზე და როდესაც სთხოვეს, ხელი მოეწერა სამედიცინო ისტორიის დოკუმენტზე, მან ისევ უარი თქვა.
ეს ხელმოწერა ისტორიის დახურვისა და პაციენტის გაწერის საფუძველი გახდებოდა.
„კანონმდებლობაში კარგად ერკვევა. თუ უნდობლობას გიცხადებს პაციენტი, არ გაქვს უფლება, ის გააჩერო კლინიკაში... შემდეგ იყო ეს ავადსახსენებელი რეანიმაციის თემა, თუ რეანიმაციაში აღმოვჩნდები, გადავისხამ. შესაბამისად, ჩვენ ამაზე უარი არ გვითქვამს“, – განაცხადა ნადირაძემ.
მაგრამ აქ გაჩნდა სხვა საკითხი. კლინიკის გენერალური დირექტორის თქმით, სააკაშვილს განუმარტეს, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში მას ვერ მოინახულებდნენ ადვოკატები, დედა, სხვა სტუმრები და ექს–პრეზიდენტმა მაშინვე გადაიფიქრა.
გადაჰყავთ თუ არა სააკაშვილი რეანიმაციაში - კლინიკამ მორიგ „ფეიკს“ უპასუხა>>
ამავე დროს ნადირაძემ აღნიშნა, რომ ადამიანის ყოფნა რეანიმაციულ განყოფილებაში, თუ მას ეს არ ესაჭიროება, ადამიანისთვის დამანგრეველია ფსიქოლოგიური თვალსაზისით. „მე მის ფსიქიკას ძალიან ვუფრთხილდები“, – განაცხადა მან.
ადვოკატების კითხვაზე, გაუარესდა თუ არა სააკაშვილის მდგომარეობა 2022 წლის 12 მაისიდან, ანუ იმ დროიდან, რაც ის ‘ვივამედში“ მოხვდა, ნადირაძემ დადებითი პასუხი გასცა. ამავე დროს მან სააკაშვილის წარმომადგენლები დაადანაშაულა ყველაფერში.
„როდესაც 7 თვე მზადდება საექსპერტო დასკვნა და არ მთავრდება პროცესი, ჩემთვის ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი სპეციალურად ჭიანურდება, ელოდებიან, როდის ჩამოვა მისი მასის ინდექსი. ამიტომ, გათავისუფლება ბატონი მიშას თავდადების გამო მოხდება და არა თქვენი წვალების შედეგად“, – განაცხადა ნადირაძემ.
კომპლექსური სამედიცინო დასკვნა, რომელიც სააკაშვილის დაცვის მთავარი არგუმენტია, რომ ის უნდა გაათავისუფლონ, სამედიცინო ცენტრმა „ემპათიამ“ შეადგინა. დოკუმენტი ადგილობრივი და უცხოელი ექიმების დასკვნებს მოიცავს.
„ვივამედის“ დირექტორმა ცენტრი „ემპათია“ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებაში დაადანაშაულა>>
როდესაც სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ნადირაძეს ჰკითხა, შეუძლია მას გარანტიის მოცემა, რომ სააკაშვილის სიცოცხლე „ვივამედში“ უსაფრთხოდ იქნება და ის არ დაიღუპება, მან უარყოფითი პასუხი გასცა.
„ასეთ გარანტიას დედამიწის ზურგზე ვერავინ გასცემს. არ ვიცი, შეიძლება თქვენ შეხვდეთ და მოწამლოთ და მერე ჩემი გარანტია საიდან იქნება?!“ – განაცხადა ნადირაძემ.
ამასთან, ნადირაძემ გააკრიტიკა სააკაშვილის გარემოცვა და განაცხადა, რომ ისინი მუდმივად აყენებენ შეურაცხყოფას კლინიკის მედპერსონალს. ამასთან დაკავშირებით ის რეგულირების სააგენტოში საჩივრის შეტანას აპირებს.
„მე მუდმივად მიჭირსსტაფის შერჩევა, მიწევს მათი ფინანსური წახალისება, მორალური დამშვიდება და ეს მუდმივად მაქვს პრობლემად“, – განაცხადა ნადირაძემ.
ადვოკატების სიტყვების საპასუხოდ, რომ ის არსებითზე არ ლაპარაკობს, ნადირაძემ გააკრიტიკა ის ექიმები, რომლებიც დაცვის მხარემ სასამართლოში მოწმის სახით მოიყვანა.
„ეს თქვენთან არის ფსიქიატრი რომ პროქტოლოგიაზე ლაპარაკობს, გასტროენტეროლოგი ფსიქიატრიაზე და ყველაფერი არეული რომ გაქვთ. ყველაფერი უნდა იყოს კანონის მიხედვით. კარდიოლოგი კარდიოლოგიაზე უნდა ლაპარაკობდეს, დირექტორი სამენეჯმენტო საქმეზე და პროქტოლოგი პროქტოლოგიაზე“, – განაცხადა ნადირაძემ.
უფრო მეტიც, მან ხაჭაპურიძე დაადანაშაულა იმაში, რომ ერთხელ ის შევიდა მასთან კაბინეტში და თქვა, რომ სააკაშვილი ბინძურია და ყარს. ამის პასუხად ხაჭაპურიძემ ნადირაძეს ჭორიკანა უწოდა.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ბრეგაძე: სააკაშვილი გათავისუფლების მიზნით თვითდაზიანებას ეწევა>>
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს.
მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს