„ვივამედის“ გენერალურ დირექტორს ემუქრებიან

ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ მას ემუქრებიან – ვერ იმოგზაურებ და საჭმელს ვერ შეჭამო.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ განაცხადა, რომ გაურკვეველი პირები მას სანქციებით ემუქრებიან.
ნადირაძე იმ კლინიკის ხელმძღვანელია, რომელშიც 2022 წლის 12 მაისიდან ექს-პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.
მანამდე სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ წერილი მისწერა Heritage Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს, ცნობილ საერთაშორისო ფინანსისტსა და ინვესტორს უილიამ ბრაუდერს და სთხოვა, არ დაელოდონ მის სიკვდილს და „დაეხმარონ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში“. საპასუხოდ ბრაუდერმა მოითხოვა დოკუმენტების ჩამონათვალი იმ პირთა სიით, ვინც უარს ეუბნება მკურნალობაზე, ასევე ვინც პასუხისმგებელია მის მოწამვლასა და წამებაზე. ბრაუდერმა აღუთქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა „მაგნიტსკის სანქციებს“ ყურადღება მიაქციონ.

„ვიღაცა გაურკვეველი ტიპები რაღაცა სანქციებით მემუქრებიან, ჩამონათვალიც გამომიგზავნეს... მემუქრებიან, ვერ იმოგზაურებ, ფული არ გექნება, საჭმელს ვერ შეჭამ საშვილიშვილოდო“, – დაწერა ნადირაძემ სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამ მუქარით მას ვერ შეაშინებენ.
„ეგ თქვენ გადარდებთ, „ცაკალელებო“. მაგ ჩამონათვალში რომ ყოფილიყო სამშობლოზე, სარწმუნოებაზე და ენაზე უარის თქმა, მაშინ ნამდვილად ვიდარდებდი. რა ცუდად მიცნობთ. შეაშინეთ ბებიათქვენი“, – დაწერა ნადირაძემ.
უფრო ადრე ნადირაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ადვოკატმა პალატაში მედდა გამოიძახა და უთხრა, რომ იმ ადამიანების სიაში შეიყვანდნენ, რომლებიც აუცილებლად უნდა დააპატიმრონ. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ექიმზე და სააკაშვილის საქმის მოსამართლეზე ზეწოლისთვის ბინძურ მეთოდებს იყენებენ.
„რისკები არსებობს": ექიმი ინფიცირებული ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე>>
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები და თანამებრძოლები ე.წ. სააკაშვილის სიაზე („მაგნიტსკის სიის“ ანალოგი) მუშაობენ, რომელშიც, ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ მონაცემებით, უკვე შევიდნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, პროკურორები და მოსამართლეები. როგორც სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, სია შეივსება იმ ადამიანებით, რომლებმაც ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“. პირველად სააკაშვილი საავადმყოფოში შიმშილობის დროს მოხვდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. შიმშილობა 50 დღე გაგრძელდა.
ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.
„იქნებ რამე გემრიელი მოიტანონ“ - „ვივამედის“ დირექტორი სააკაშვილის ნათესავებზე>>
საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩართო, რომელთაგან ხუთი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
მათი დიაგნოზების თანახმად, სააკაშვილს აქვს დაავადებების გრძელი სია, მათ შორის მძიმე მეტალების ორგანიზმში მოხვედრით გამოწვეული პროგრესირებადი დემენცია. გარდა ამისა, არსებობს კუჭის კიბოს განვითარების რისკი.
ექიმებმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან საზღვარგარეთ იმკურნალოს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და ასეთი მძიმე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება.
ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს.
წულუკიანი: სააკაშვილი რთული ქცევის მქონე პატიმარია>>
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს