საქართველო და გერმანია მეცნიერების სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ

მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტების გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები განხორციელდება.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევითმა ცენტრმა (GSI Helmholtzzentrum für Schwerionenforschung) გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი, ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და გერმანული ცენტრის დირექტორმა პაოლო ჯუბელინომ, ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას პროტონოთერაპიის, სუფთა ენერგიის, ჰიდროდინამიკის, ეკოლოგიის, რადიაციული ფიზიკისა და სხვა სამეცნიერო სფეროებში.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება სტუდენტების გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები, თემატური სემინარები და საზაფხულო სკოლები როგორც საქართველოში, ისე ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევით ცენტრში.
ადრონული თერაპიის ცენტრის მუშაობაში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორები ჩაერთვებიან>>>
გერმანელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებს რადიაციული თერაპიისთვის პროტონული ციკლოტრონის მუშაობის მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ. მხარეები ასევე ერთობლივად იმუშავებენ SMART-ლაბორატორიების განვითარებასა და გაძლიერებაზე.
საქართველოს განათლების სამინისტროსა და ჰელმჰოლცის ცენტრს შორის დაწყებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (Georgian-German Science Bridge - GGSB) ფარგლებში.