თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თამბაქოს კონტროლის ალიანსი 2022 წლის დეკემბრის მონიტორინგის მონაცემებს აქვეყნებს, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში პრაქტიკულად არავინ აღარ ეწევა.
მონიტორინგის შედეგებით, მოწევის წესების დარღვევა ძირითადად უკავშირდება თამბაქოს ახალი ნაწარმის – ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს და ჩილიმის უკანონოდ გამოყენების შემთხვევებს, რაც მასობრივი ხასიათის არ არის, თუმცა შესამჩნევია, აღნიშნავენ ალიანსში.
„ვფიქრობთ, ამ ტიპის დარღვევებს საზოგადოებაში არასაკმარისი ინფორმაცია განაპირობებს. ხალხს სისტემატურად არ მიეწოდება ინფორმაცია თამბაქოს კონტროლის კანონის, მოწევის აკრძალვის რეგულაციების შესახებ“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ 2023 წელს ჯანდაცვის სამინისტრო მძლავრ საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანიას აამუშავებს. ალიანსში აცხადებენ, რომ რაც უფრო კარგად იქნებიან ინფორმირებული მოქალაქეები, მით უფრო დაიცავენ კანონს.
იმ დროს, როდესაც სახელმწიფო საზოგადოებას არ აწვდის საჭირო ინფორმაციას, თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ადამიანების დარწმუნებას, თითქოს ელექტროსიგარეტი ნაკლებად მავნეა როგორც მწეველის, ისე ირგვლივ მყოფებისთვის, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ზოგიერთი ორგანიზაცია ან დაწესებულება, განსაკუთრებით კაფე-ბარები და რესტორნები კლიენტებს ეუბნებიან, რომ მათთან დაშვებულია ელექტროსიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოწევა, რაც სიმართლე არაა. დახურულ საზოგადოებრივ შენობებში აკრძალულია თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევა, აღნიშნავენ ალიანსში.
„რეგულაციის დარღვევის გამო ჯარიმდება როგორც ფიზიკური პირი, ისე ორგანიზაცია, რომელმაც არ სცადა მოწევის აკრძალვის რეგულაციის დარღვევის აღკვეთა, ან სცადა და მწეველის დაუმორჩილებლობის შემდეგ არ გამოიძახა სამართალდამცველები“, – ნათქვამია განცხადებაში.
რეგულაციის დამრღვევი პირველ ჯერზე ჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში – 200 და მესამე და ყოველ ჯერზე ერთი წლის განმავლობაში – 300 ლარით. ორგანიზაცია, რომელიც თამბაქოს ნებისმიერი სახის ნაწარმის მოწევის აკრძალვის რეგულაციის დარღვევას არ აღკვეთს, ჯარიმდება პირველ ჯერზე 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში – 1.000 ლარით და მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე ერთი წლის განმავლობაში – 2.000 ლარით.
გარდა ამისა, ალიანსი სინანულით აღნიშნავს, რომ მოწევის წესები 2022 წლის დეკემბერში დაირღვა ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში.
„თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონი ძალაში 2017 წლის მაისში შევიდა და ის წლიდან წლამდე მკაცრდება.