ტრაგედია საგარეჯოში - შსს დაღუპული პოლიციელის ოჯახს უსამძიმრებს

მასმედიის ინფორმაციით, პოლიციელი იმ დროს დაიღუპა, როდესაც ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა.
Sputnik
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უფროსი ლეიტენანტის ოთარ ღვინიაშვილის გარდაცვალების გამო, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობა საგარეჯოში სროლის დროს მიიღო, და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს, კოლეგებსა და ნათესავებს.
გამოძიების მონაცემებით, 48 წლის მამაკაცმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, შემდეგ – ადგილზე მისულ შსს-ს თანამშრომლებს. ოფიციალური მონაცემებით, გარდაიცვალა ხუთი, მათ შორის ერთი პოლიციელი, და დაიჭრა ხუთი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან. დაიღუპა თავად მსროლელიც – მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
შსს-ში განაცხადეს, რომ 38 წლის ოთარ ღვინიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი საგარეჯოში ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.
თავდამსხმელმა პოლიციელებს თავისი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა.
სროლა საგარეჯოში: როგორია დაჭრილების მდგომარეობა>>
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ღვინიაშვილმა სასიკვდილო ჭრილობა მაშინ მიიღო, როდესაც ერთ-ერთი მოქალაქე გადაარჩინა – მას თავისი სხეულით გადაეფარა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის ორი მუხლით - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება.
რაც შეეხება დამნაშავეს, ცნობილია, რომ ის საქართველოს თავდაცვის ძალებში 2006-2021 წლებში მსახურობდა. იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა.
მასმედიის წარმომადგენლებმა გაარკვიეს, რომ მსროლელი ნოდარ ათუაშვილია. იმ ბინაში, რომლის აივნიდანაც ისროდა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს