თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგია რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა, მან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოზიციას ამ საკითხზე გაუგებარი უწოდა.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას შეამსუბუქებს, ქვეყნის ხელისუფლება მიესალმება.
„არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებს არგუმენტს, რომელიც ამ პოზიციის გასამყარებლად გამოიყენება, „თითქოს ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს“.
„თუნდაც იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში, ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიე შედეგს მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით – საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს უცხოეთში და, მათ შორის, რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამის ნაცვლად ზურაბიშვილმა მთავრობას მოუწოდა, სერიოზულად შეისწავლოს რუსეთის მოქალაქეების შემოდინება, რათა საზოგადოებამ იგრძნოს, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია.
ზურაბიშვილის აზრით, აუცილებელია რეგულაციები სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხებთან დაკავშირებით.
„ასევე, ფრენების აღდგენის ნაცვლად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს – საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ! ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ივლისში აკრძალა. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა და საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა გააპროტესტა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.