თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. შიდაპარტიული არჩევნების წინ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ (ენმ) დაძაბულობა მატულობს.
პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გუშინ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ღიად დაადანაშაულა ფარული ჩანაწერის გავრცელებაში, სადაც ის უდიერად მოიხსენიებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. უფრო ადრე ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელმა გიორგი რურუამ განაცხადა, რომ არსებობს ეჭვები მერაბიშვილის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირების შესახებ.
რადიკალური „ძველი გვარდიის“ წარმომადგენლები მერაბიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახით ლევან ხაბეიშვილის მომხრეებად მიიჩნევიან, რომელიც მელიას მთავარი კონკურენტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში. ექსპერტების აზრით, მთავარი ბრძოლა სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის წარიმართება.
პარტიის დაშლა ახლოსაა?
საუკეთესო შემთხვევაში ვიღაც დატოვებს პარტიას, უარეს შემთხვევაში კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, მიაჩნია დეპუტატს ოპოზიციური პარტია „გირჩიდან“ ალექსანდრე რაქვიაშვილს.
„პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დე ფაქტოდ დაშლილია... მიკვირს, ხალხი, რომელსაც ერთმანეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს და ერთმანეთის მიმართ გაცხარებულ ბრძოლაში გადადიან, აქამდე ერთ პარტიაში როგორ იყვნენ?“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მას მიაჩნია, რომ ასე არაფერი გამოვა. ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ ასეთი ვითარება „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლებს დააბნევს.
რაქვიაშვილის თქმით, ყოველთვის „ქართული ოცნება“ იყო სუსი და რუსეთის სპეცსამსახური, ახლა კი, როგორც ჩანს, მათ პარტიის შიგნით გაუჩნდათ იგივე პრობლემები.
ამავე დროს, დეპუტატი ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ პაატა მანჯგალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას დაუშვებლად მიიჩნევს.
„ძლიერი ოპოზიციური ფრონტი ძლიერი ოპოზიციური პარტიების გარეშე ვერ ჩამოყალიბდება“, – განაცხადა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ ის გულშემატკივრობს „ნაცმოძრაობას“ კრიზისიდან გამოსვლაში. მისი თქმით, ჭეშმარიტად პატრიოტულ, ოპოზიციურ ძალებთან ერთად შეძლებენ არსებული რეალობის შეცვლას.
სუსტი ენმ = ძლიერ „ოცნებას“
პარლამენტის დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან „საქართველოსთვის“ მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები მხოლოდ აძლიერებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“.
რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ – ოლიგარქების შიდა გარჩევები, არაფორმალური მმართველები, შიდა დაპირისპირება ან ბრძოლა ხელისუფლების განაწილებისთვის, საბოლოოდ ისინი ამით „ქართულ ოცნებას“ აძლიერებენ. ისინი „ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან. ესაა მთავარი პრობლემა, რომელიც რეალურად ჩანს, განაცხადა დაუშვილმა.
ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ ურთიერთობები კეზერაშვილთან მას შემდეგ გაწყვიტა, რაც დარწმუნდა, რომ მას პარტიის არაფორმალური მართვა უნდა. რაც შეეხება მერაბიშვილს, პარტიის თავმჯდომარემ ის ღიად დაადანაშაულა იმაში, რომ მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მისი წინასაარჩევნო შტაბი დაანგრია. მაშინ მელია კენჭს გლდანში იყრიდა და მეორე ტურში გავიდა.
კონფლიქტის დაწყება
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს. ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.