მსოფლიო დღეს

მოსახლეობის რაოდენობა: ინდოეთი ჩინეთს უკვე წელს გადაუსწრებს

Sputnik
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ინდოეთმა მოსახლეობის რაოდენობით შესაძლოა უკვე მიმდინარე წელს გადაუსწროს ჩინეთს, ნათქვამია World Population Review-ის მონაცემებში.
სტატისტიკური ორგანიზაციის ცნობით, ამ დროისათვის ინდოეთში 1.422.706.266 კაცი ცხოვრობს, ხოლო ჩინეთში — 1.425.831.275.
როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, ჩინეთის მოსახლეობის წლიური ზრდის ტემპი -0,1%-დან -0,3%-მდე იქნება, ხოლო ინდოეთისა — 0,69%-დან 0,92%-მდე.
ამ ტენდენციებიდან გამომდინარე, გაერო პროგნოზირებს, რომ ჩინეთის მოსახლეობა 2060 წლისთვის 1,2 მილიარდამდე შემცირდება, ხოლო ინდოეთის მოსახლეობა იმ დროისთვის თითქმის 1,7 მილიარდამდე გაიზრდება.
ამასთან, ექსპერტების ვარაუდით, ინდოეთის მოსახლეობის ზრდა მინიმუმ 2050 წლამდე გაგრძელდება.
მანამდე ჩინეთის სტატისტიკის სახელმწიფო ბიურომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობა 2022 წელს 1,411 მილიარდ ადამიანამდე შემცირდა. როგორც ადგილობრივი მასმედია აღნიშნავს, მოსახლეობის ამგვარი კლება ქვეყანაში პირველად მოხდა ბოლო 60 წლის განმავლობაში.
წყარო: World Population Review