თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოში ამ დროისათვის შიშისა და განგაშის არანაირი საფუძველი არ არსებობს კორონავირუსთან დაკავშირებით, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ყველა, ვინც აკეთებს განცხადებას კორონავირუსთან დაკავშირებით, ფრთხილად უნდა იყოს, რათა მოსახლეობაში უსაფუძვლო პანიკა არ დათესოს.
„ამ ეტაპზე განგაშის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – განუცხადა აზარაშვილმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არის.
ცოტა ხნის წინ სპეციალისტებმა „ომიკრონის“ ახალი სუბვარიანტი „კრაკენი“ გამოავლინეს, რომელიც სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში. კორონავირუსის ეს ქვეტიპი ჯერ არ გვხვდება საქართველოში, თუმცა მას კორონავირუსის შტამებს შორის ყველაზე სწრაფად გადამდებ ვირუსად მიიჩნევენ.
„კრაკენი“ სწრაფად ვრცელდება, მაგრამ მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. ეს ვარიანტი მსოფლიოს 38 ქვეყანაში დაფიქსირდა. საქართველოში კვლავ გაბატონებულია „ომიკრონის“ ერთ-ერთი ქვეტიპი – BA.5.
სწორედ მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ცვლილებების ფონზე დაიწყო საქართველოში კლინიკურმა ჯგუფმა, რომელიც მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგებისგან შედგება, მუშაობა კორონავირუსის მართვის ახალ პროტოკოლზე, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ბოლო კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების მცირე ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ ეს დღეში 200–300 შემთხვევას არ აღემატება. საქართველოში დღეში საშუალოდ 6–7 ათასი ტესტი კეთდება.