პრემიერი: მედიკამენტებზე ფასები 40%-ით შემცირდება

ფარმაცევტულ სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს.
Sputnik
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. მთავრობის ახალი რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია ე.წ. რეფერენტულ ფასებზე. 2023 წლიდან საქართველის ხელისუფლებამ დაადგინა ფასების მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთაც ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა იკრძალება.
რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის და მედიკამენტების მიწოდებაა.

„მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით დავიწყეთ ახალი რეფორმა, რომელიც წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასის დადგენას ისახავს მიზნად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სიახლე პირველ ეტაპზე შეეხება 1,3 ათასზე მეტ მედიკამენტს, რომლებიც განკუთვნილია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის. რაც შეეხება სხვა მედიკამენტებს, მათი რეფერენტული ფასები ეტაპობრივად განისაზღვრება.
საქართველოში მედიკამენტებზე ზღვრული ფასები ამოქმედდა>>>
2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის – მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას.
ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული სფეროს მოქმედებების გეგმა შემუშავდა კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, ჯანმოს კვლევების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.