თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შემდეგ საქართველოს მოსახლეობა მედიკამენტებზე ყოველწიურად დაახლოებით 200 მლნ ლარს დაზოგავს, ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
მედიკამენტებზე ფასების დაწევის მიზნით საქართველოს მთავრობამ თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი შარშან გახსნა. გასული წლის იანვრის შუა რიცხვებიდან საქართველოში თურქეთიდან 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი შემოვიდა, რის შედეგადაც ფასები მედიკამენტებზე 80%-მდე შემცირდა.
„გასული წლის დასაწყისში გავხსენით თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი. ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტების ფასი 60-80%-ით შემცირდა... დავიწყეთ ახალი რეფორმა, რომელიც წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასის დადგენას ისახავს მიზნად“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
2023 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ფასების მაქსიმალური ზღვარის დადგენა, რომლის ზემოთაც ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა იკრძალება. სიახლე პირველ ეტაპზე შეეხება 1,3 ათასზე მეტ მედიკამენტს, რომლებიც განკუთვნილია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის. მედიკამენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის – მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას.
ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული სფეროს მოქმედებების გეგმა შემუშავდა კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, ჯანმოს კვლევების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.