თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქვეყანა სამხედრო დაპირისპირებაში ჩაებას, განაცხადა ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების უარზე გადასცეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკი“. პოდოლიაკის თქმით, ომის დაწყებიდან ათი თვის შემდეგაც კი საქართველოს მთავრობა ვერ ხვდება, ვის მხარეს უნდა იყოს.
„პასუხი არის ერთადერთი – საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ჩაბმული აღმოჩნდეს სამხედრო დაპირისპირებაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ აღმოვუჩენთ სამხედრო ტიპის დახმარებას სამხედრო დაპირისპირების ერთ-ერთ მხარეს, მით უმეტეს, რომ, როგორც ვიცი, საუბარია ისეთი იარაღის გადაცემაზე, რომელიც ჩვენ შევიძინეთ, მაგრამ ეს უბრალოდ დეტალია“, - განაცხადა წულუკიანმა „პირველი არხის“ ეთერში.
ვიცე-პრემიერმა დასანანი უწოდა იმ ფაქტს, რომ გრძელდება სამხედრო დაპირისპირებაში ქვეყნის ჩართვის მცდელობები. წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველომ ისედაც ბევრი ომი გადაიტანა.
„ჩვენ ძალიან ბევრი ომი გადავიტანეთ. ეს შეიძლება, ზოგიერთ მსმენელს არ ახსოვდეს, რადგან შემდეგ გაჩნდა და იზრდება მას შემდეგ, რაც ომები საქართველოში დამთავრდა, მაგრამ ჩვენ ხელისუფლებაში ვართ ომის თაობები. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ეს რამხელა უბედურებაა. ამიტომ ჩვენ ამას უბრალოდ ვერ დავუშვებთ, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე“, - განაცხადა წულუკიანმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველო აქამდეც დადიოდა „დანის პირზე, იმედი მაქვს, მომავალშიც წარმატებით გავივლით“.
როგორც ადრე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ე.წ. ექსპერტებისა და ცალკეული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ საქართველოს უანგაროდ გადმოსცა საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკი“, სინამდვილეს არ შეესაბამება – 2007 წელს უწყებამ „ბუკის“ სისტემა მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო.
უფრო ადრე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საქართველო, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განაგრძობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარების გაწევას. რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, საქართველომ ეს არ გააკეთა, რადგან არ სურს ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.