რა გადაიბარა ბაჭიამ?.. ანუ 2022 წლის ეკონომიკა და ფინანსები ციფრებში...

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური პარამეტრები... მიგრაციული ნაკადის მატება და რეკორდულად გაზრდილი ფულადი გზავნილები... გაძვირებული უძრავი ქონება და გაზრდილი საარსებო მინიმუმი... მთავარი გამოწვევა - ინფლაცია და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა...
Sputnik
ძველით ახალი წელიც დადგა... თუ უკვე დაგვიანებული არ არის, დროა, ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის გასული წლის თავგადასავალი გიამბოთ... არადა, იშვიათი გამონაკლისის გარდა დეკემბრის თვისა და შესაბამისად, მეოთხე კვარტალის მონაცემები ჯერაც უცნობია. სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაზუსტებულ შედეგებს, სავარაუდოდ, თებერვლის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს. ასე რომ, მომიწევს თერთმეტი თვის მაჩვენებლებით ვიხელმძღვანელო, თუმცა ეს გარემოება ხელის შემშლელი ვერ იქნება, რადგან ზოგად ტენდენციასაც ასახავს და გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებასაც იძლევა... თანმიმდევრულად მივყვეთ.
პოზიტივით დავიწყოთ... ეკონომიკური ზრდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასული წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 9,3%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის 11 თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა. პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის ტემპი ორნიშნა იყო − 15%, მეორე კვარტალში − 7,2%, ხოლო მესამე კვარტალში კი − 9,8%. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გასულიწლის სამი კვარტლის მაჩვენებლით 51,2 მლრდ ლარია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე − 13.878 ლარი. ექსპერტთა შეფასებებით, ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი ძირითადად მიგრაციულმა პროცესმა განაპირობა. რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან საქართველოში რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან ათასობით მოქალაქე საშუალო და ხანგრძლივი ვადით შემოვიდა. რა თქმა უნდა, მიგრაციული ნაკადის ზრდა სხვადასხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრზე პოზიტიურად აისახა. მათ შორის ერთ-ერთი ფულადი გზავნილების გაზრდილი მოცულობაა...
რა ნიშნულზეა ინფლაცია?>>>
„საქსტატის“ მონაცემებით, გასული წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 521.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 313.8 მლნ დოლარით ანუ 151,4%-ით მეტია 2021 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე. რუსეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობა 316.14 მლნ დოლარია, რაც საერთო ფულადი გზავნილების 60,66%-ს შეადგენს. ჩარიცხული თანხის მოცულობის წლიური მატების ტემპი კი რეკორდულია − 819.14%, რაც ანალიტიკური წრეების შეფასებით, პირველ რიგში, სწორედ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციის საკმაოდ მაღალი ტემპის შედეგია. მათი მოსაზრებით, რუსეთიდან გადმორიცხულ ფულად გზავნილებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ერთმნიშვნელოვანი ეფექტი არ აქვს. ამ პროცესის მთავარი პოზიტიური შედეგი ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებაა...
რა თქმა უნდა, იმედია, არავინ უარყოფს, რომ გასული წელი ლარისთვის იღბლიანი გამოდგა... არადა, 2022 წლის პირველი ოთხი თვე ეროვნული ვალუტას სასიკეთოს არაფერს უქადდა. გასულ წელს ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურების 3.08 ნიშნულზე შეხვდა. რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირებიდან მალევე, ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდა და მარტის პირველ დეკადაში ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.45 ლარი შეადგინა. სავალუტო ბაზარზე შექმნილი პანიკა ეროვნულმა ბანკმა ერთჯერადი ინტერვენციით დააშოშმინა, როდესაც საფინანსო ბაზარს დამატებით 40 მლნ დოლარი მიაწოდა, საიდანაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. გასულ წლის ბოლო თვეებში ეროვნული ვალუტისკურსმა დოლართან მიმართებით, საშუალოდ, 2.70-2.73 ლარის ნიშნული დაიკავა. ეს შედეგი ანალიტიკური წრეების შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გარდა, სწორედ მიგრაციული ნაკადის ზრდამ და ფულადი გზავნილების მოცულობის რეკორდულმა მატებამ განაპირობა.
რა გადაწყვიტეს ეროვნულ ბანკში?>>>
დარწმუნებული ვარ, მკითხველს ემახსოვრება, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების კიდევ ერთ-ერთ ფაქტორად, ანალიტიკური წრეები, საგარეო ვაჭრობაში არსებულ პოზიტიურ ტენდენციას ასახელებდნენ. „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, გასული წლის 11 თვეში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17.018 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32,2%-ით მეტია. მათ შორის, ექსპორტი 5.037 მლრდ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 11.981 მლრდ დოლარია. საანგარიშო პერიოდში ექსპორტის ზრდა 31,8%-ია, ხოლო იმპორტის − 32,4%.
ორიოდე სიტყვა ტურიზმზეც უნდა ითქვას. ამ მიმართულებით შეგვიძლია, მხოლოდ გასული წლის ცხრფა თვის მონაცემებს დავეყრდნოთ. ამ პერიოდში ქვეყანაში სულ 2.704,133 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდის მაჩვენებელზე147,5%-ით მეტია,ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67,8%-ს შეადგენს. მესამე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443.600 ადამიანი ქვეყანაშირუსეთიდან შემოვიდა. ეს კი ივლის-სექტემბერში შემოსული ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27,7%-ია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, 2022 წელს საქართველოში რუსეთიდან 511%-ით მეტი პირი შემოვიდა.
ანალიტიკოსთა შეფასებებით, მიგრაციული ნაკადის მატება ქვეყანაში უძრავი ქონების ფასებზეც აისახა. ტურისტების შემოდინების ზრდის ხარჯზე, განსაკუთრებით აქტუალური ბინის იჯარით აღება გახდა. საკონსულტაციო ჯგუფის „თიბისი კაპიტალის“ განახლებული კვლევის მიხედვით, გასული წლის ნოემბერში უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა 12%-ით იყო გაზრდილი. ოქტომბერში ზრდა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო − 34%. ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ ქირაზე მოთხოვნამ 2022 წლის ნოემბერში ახალ მაქსიმუმს მიაღწია. ქირის შემთხვევაში წლიური ზრდა 116%-ს შეადგენს. ერთი წლის განმავლობაში საშუალოდ 15-20%-ის ფარგლებში გაიზარდა ბინების გასაყიდი ფასიც...
ვინ ლიდერობს რეგიონში?>>>
საკამათო არ არის, რომ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში საფინანსო და ეკონომიკური სისტემის მთავარ გამოწვევად მსოფლიოს გლობალური პრობლემა − მზარდი ინფლაცია იქცა, რაც თავის მხრივ, ჯერ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა ღრმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ხოლო შემდეგ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტმა განაპირობა. უფრო კონკრეტულად, ინფლაციის ზრდას კომპლექსურად ხელი შეუწყო ეკონომიკურმა რეცესიამ და საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის, ნავთობის ფასის მატებამ და სატრანსპორტო გადაზიდვების გაძვირებამ.
საქართველოში ვითარება 2021 წლის ივლისში გამწვავდა, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნა გახდა, − 11,9%. მას შემდეგ მოყოლებული 18 თვის განმავლობაში, ქვეყანა ორნიშნა ინფლაციის პირობებში ცხოვრობდა. ფასების ზრდის წლიური მაჩვენებელი ორნიშნა ნიშნულს მხოლოდ ერთხელ, წინასაახალწლოდ ჩამოცდა და 9,8% შეადგინა.
და ბოლოს, გასულ წელს ინფლაცია 13,9-9,8%-ის ფარგლებში მერყეობდა.
ინფლაციურ წნეხს ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა დაუპირისპირა და 2021 წლის მარტიდან მოყოლებული რეფინანსირების განაკვეთი 2,5%-ით გაზარდა. ამჟამად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია... ეს საკმაოდ მაღალი ნიშნულია,
რაც მართალია, ინფლაციის მოთოკვას ხელს უწყობს, ამავე დროს, ფულს, კერძოდ, საკრედიტო რესურსს აძვირებს, რაც ეკონომიკური ზრდის ტემპს აფერხებს...
და ბოლოს, საარსებო მინიმუმზეც უნდა მოგახსენოთ. „საქსტატის“ ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 255.1 ლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის ამავე პერიოდის საარსებო მინიმუმზე 31.4 ლარითმეტია.ანალიტიკური წრეების წარმომადგენელთა შეფასებით, საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალი ინფლაციის შედეგია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობაც გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში შემწეობა 665.992 მოქალაქემ და 178.490 ოჯახმა მიიღო, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17,1%-ია. სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით კი მოსახლეობის 17,9%-ია.
დღეისათვის სულ ეს იყო... რას გადააბარებს ბაჭია დრაკონს, ერთი წლის შემდეგ უნდა დავთვალოთ, მანამდე კი არაერთხელ დაგიბრუნდებით საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებითა და მიმდინარე პროცესების შეფასებით...
სამსონ ხონელი