კლინიკების დაფინანსების ახალმა მოდელმა გაამართლა - აზარაშვილი

ახალი მოდელის მეშვეობით გამოთვლილია მკურნალობის საბაზისო ტარიფები პაციენტის სტაციონარში შეყვანიდან მის გამოწერამდე.
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. DRG-ს ახალი სისტემის დანერგვის პროცესში სერიოზული ხარვეზები არ გამოვლენილა, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებისკენ მიმართულმა მოდელმა გაამართლა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრომ 1 ნოემბრიდან კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა აამოქმედა. ახალი სისტემის მიხედვით, მკურნალობის საბაზისო ტარიფები პაციენტის სტაციონარში მოხვედრიდან მის გაწერამდე დაითვლება.
საუბარია ე.წ. DRG–სისტემაზე, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ გზით ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებითი თანხის საფასურად VIP-მომსახურების პრაქტიკის აღმოფხვრა გადაწყვიტა.

„საერთო ჯამში, შეგვიძლია სისტემა დადებითად შევაფასოთ. მოდელი ძალიან კარგად მუშაობს და მიზანს ამართლებს – არის პაციენტისთვის ხელმისაწვდომი, მომსახურება ხარისხიანია და მკვიდრდება სამართლიანი გადახდის წესი“, – განაცხადა აზარაშვილმა.

აზარაშვილის თქმით, ამ სისტემის დანერგვის დროს ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტი იყო პაციენტისთვის ხარჯების შემცირება. აზარაშვილმა განმარტა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სამინისტრო კლინიკებს დამატებით, პირობითად, 500 მილიონს უხდიდა ე.წ. VIP–სერვისებისთვის, ხოლო პაციენტები საკუთარი ჯიბიდან 200 მლნ-ს იხდიდნენ.
„ეს გავითვალისწინეთ და DRG პრინციპით გამოვიყვანეთ ისე, რომ ჯამური 700 მილიონიდან მოხდა საბაზისო ტარიფის დაანგარიშება. აქედან გამომდინარე, ჩვენ კლინიკებს და სექტორს ვუთხარით – ვაფინანსებთ სრულად, იმის ჩათვლით, რასაც თქვენ ჯიბიდან ახდევინებდით პაციენტს. ამიტომ ზედმეტი თანხა დამატებითი სერვისებისთვის პაციენტისთვის აღარ მოეთხოვათ“, – აღნიშნა აზარაშვილმა.
რა არის DRG?
DRG–სისტემა (Diagnostic Related Group) ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები". DRG–სისტემის დანერგვის შემდეგ სამედიცინო მომსახურების მიღებისას პაციენტს დამატებითი ხარჯების გადახდა აღარ უწევს. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას იხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.
თუ აქამდე საქართველოში არსებული კლინიკები, ვთქვათ, აპენდიციტის ოპერაციისთვის სხვადასხვა ფასს სთავაზობდნენ პაციენტებს, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ აღნიშნული ოპერაციის საფასური ყველა საავადმყოფოში ერთნაირი ხდება.
ჯანდაცვის სამინისტრო ახალი სისტემის დანერგვას მკაცრად გააკონტროლებს და კლინიკებს არ ექნებათ პაციენტებისთვის დამატებითი თანხების მოთხოვნის მოტივაცია.
რამდენიმე კლინიკამ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა დატოვა>>
მანამდე კლინიკების შემოწმების დროს გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დამატებითი მოგების მიღების მიზნით პაციენტს მეტ მედსერვისს აწვდიდნენ, ვიდრე ეს რეალურად იყო საჭირო.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველომ გამოიყენა ლატვიის მეთოდი, რომელიც ჯანდაცვის ქართულ სისტემას ყველაზე მეტად ესადაგება. სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ მომავალში ქვეყანა დადებით შედეგს მიიღებს რესურსის ეკონომიის, პაციენტისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობისა და სერვისის ხარისხის კუთხით.
უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 900 მლნ ლარს ხარჯავს. მისი თქმით, ეს საკმაოდ დიდი დაფინანსებაა და ეს მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ.
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების რეანიმაციული განყოფილებების რეფორმას იწყებს>>
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე DRG–სისტემა არ გავრცელდება გარკვეულ სამედიცინო მომსახურებაზე: გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია, გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთა, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები, თრომბოლიზისი და თრომბექტომია ინსულტის შემთხვევაში.
დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. ამ მოდელის პრინციპი მოიცავს დაავადების ყველა რეგისტრირებული შემთხვევის ისეთ ჯგუფებში გადანაწილებას, რომლებიც სტაციონარში პაციენტის ყოფნის პერიოდში მსგავსი რესურსების გამოყენებას საჭიროებს. საუბარია დიაგნოსტიკურ, თერაპიულ და ტექნიკურ ფაქტორებზე. ყოველ პაციენტს ენიჭება ერთ-ერთი DRG. ეს სტაციონარში პაციენტის ფიქსირებულ ფასად მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს