თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს შეხვდნენ, რათა ქართველი კოლეგისთვის საბავშვო ონკოლოგიური საავადმყოფოების გახსნისა და მათი მართვის საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საბავშვო ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის გახსნა და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების გაფართოება იგეგმება. „იხილოვის სამედიცინო ცენტრში“ არის ჯგუფი, რომელსაც მთელ მსოფლიოში საბავშვო ონკოლოგიური კლინიკების მშენებლობისა და მოწყობის ათწლიანი გამოცდილება აქვს.
ისრაელის დელეგაციის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მომავალი სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირების, კლინიკის მოწყობისა და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავების შესახებ. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს ონკოჰემატოლოგიის მიმართულებით დანერგილი პრაქტიკა.
შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე. მან სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს უამბო პროტონული თერაპიის კლინიკისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ, რომლებიც უნივერსიტეტთან ფუნქციონირებს და სადაც სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ხორციელდება. რექტორმა შეხვედრის მონაწილეებს საგანმანათლებლო დაწესებულების სტრატეგიული განვითარების გეგმა გააცნო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია, „სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელი ეკა ფესტვენიძე, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ისრაელის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადი და სხვ.
მანამდე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც თელ-ავივის ონკოჰემატოლოგიის მიმართულების წამყვან სახელმწიფო კლინიკებში იმყოფებოდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ კლინიკების ხელმძღვანელებსა და კლინიცისტებს, რომლებმაც ქართველ კოლეგებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და მიაწოდეს ინფორმაცია იმ სერვისებზე, რომლებიც მათ საავადმყოფოებშია.
საბავშვო ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს განვითარებული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვას. სამუშაო ჯგუფის წევრები ისრაელის შემდეგ გერმანელი ექიმების მუშაობის პრაქტიკას გაეცნობიან.