საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ერევანში გაემგზავრა

საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით სომხეთში გაემგზავრა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2021 წლის ბოლოს საქართველოს პრემიერი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის მონაწილეობას გულისხმობს. მისი თქმით, საქართველო მზად არის მშვიდობიანი დიალოგის ცენტრად იქცეს. ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა არ ცვლის და არ ეწინააღმდეგება თანამშრომლობის სხვა ფორმატებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ.
პაპუაშვილი: საქართველო მზად არის კვლავ იყოს შუამავალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის>>>
ასევე დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი შეხვედრა.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს 88 საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.