პაპუაშვილი: საქართველო მზად არის კვლავ იყოს შუამავალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

© Parliament of Georgiaალენ სიმონიანი და შალვა პაპუაშვილი
ალენ სიმონიანი და შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2022
გამოწერა
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველო მზად არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლი გააგრძელოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა აღნიშნული განცხადება საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტ ალენ სიმონიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პაპუაშვილმა სომხეთის დელეგაციას საკანონმდებლო ორგანოში უმასპინძლა.

„საქართველო მზად არის, გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რათა სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობისა და თანამშრომლობის მაგალითად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის ხალხებს შეუძლიათ მშვიდობიანი მომავალი ააშენონ.
„იმედი მაქვს, რომ ყველას და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ვაჩვენებთ, რომ ყველაზე რთული პრობლემების წინაშეც კი სამხრეთ კავკასიის ხალხებს შეგვიძლია ბრძნულად და თანამშრომლობით მშვიდობიანი მომავლის მშენებლობა“, – აღნიშნა სპიკერმა.
პაპუაშვილმა ვიზიტისა და საინტერესო შეხვედრისთვის სომეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა.
ღარიბაშვილი და ფაშინიანი მთავრობათშორისი კომისიის სხდომის ჩატარებაზე შეთანხმდნენ>>>
მისი თქმით, სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ორი პარლამენტის საგარეო და კულტურის კომიტეტებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მდიდარი კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, სიმონიანის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წელს აღინიშნება საქართველო-სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წელი.

„30 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები და მეგობრობა გაღრმავდა, რაც მრავალი სასიკეთო შედეგის მომტანი იყო როგორც ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ ათწლეულების განმავლობაში შევქმენით ის მყარი ფუნდამენტი, რაზეც ჩვენს მომავალ თაობებს შეუძლიათ კეთილმეზობლური და ძმური თანაცხოვრება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გასული წლის დეკემბერში „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის მონაწილეობას გულისხმობს. მისი თქმით, საქართველო მზად არის მშვიდობიანი დიალოგის ცენტრად იქცეს. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა არ ცვლის და არ ეწინააღმდეგება თანამშრომლობის სხვა ფორმატებს.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს 88 საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0