თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა საომარ მოქმედებებში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით აშშ-ის მისამართით ძალიან კონკრეტული და მკაფიო ბრალდებები გააჟღერა, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
დიპლომატის სტატიაში, რომელიც უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა, საუბარია თბილისისადმი კიევის თხოვნაზე „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნების თაობაზე, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. აღნიშნულ თხოვნას ქართულმა მხარემ უარით უპასუხა. ამასთან ნათქვამია, რომ უკრაინამ ასევე ითხოვა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის სისტემები. აშშ მზად იყო ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინა, მაგრამ საქართველომ კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.
„ჩვენ თვეების განმავლობაში ვთხოვდით აშშ-ის საელჩოს და ელჩს, საქართველოს ომში ჩართვის ინტერესს მკაფიოდ გამიჯვნოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა... კასიანოვმა უკვე ძალიან კონკრეტული და მკაფიო ბრალდებები გაახმოვანა აშშ-ის მიმართ ჩვენი ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა ბრიფინგზე.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს სთხოვენ, რომ ახლა მაინც გამოვიდეს და დაადასტუროს ან უარყოს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება, რითაც „უზრუნველყოფილი იქნება როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება“.
„თუ ქალბატონი დეგნანი კვლავ არ გამოეხმაურება ჩვენს თხოვნას, საზოგადოება ჩათვლის, რომ დუმილი ამ შემთხვევაშიც თანხმობის ნიშანია!“ – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ხალხის ძალა“ ცნობილია თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩი კელი დეგნანის მიმართ.
დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, არაერთხელ მოუწოდეს აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს, ღიად გამიჯვნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს სანქციები, რომელიც მხოლოდ საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობას და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას.
როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი აფიქრებინებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის უკან ამერიკის საელჩო დგას.
კელი დეგნანმა ამ დეპუტატების განცხადებები შეაფასა, როგორც შეთქმულებისა და სიცრუის რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული თეორია. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ იგებენ, რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა ამას.
როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პოლემიკის შემდგომი გაფართოება და გაღრმავება არ შედის ქვეყნის ინტერესებში, რადგან ეს კი არ გააძლიერებს, არამედ შეასუსტებს საქართველოს აშშ-თან ურთიერთობებს.