თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოში გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას ემსახურება, დაწერა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.
სოციალურ ქსელში გამოჩნდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მონაწილეობს. ჩანაწერში ის უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ჩანაწერი თვითმმართველობის არჩევნების წინ გაკეთდა და მისი ავთენტიკურობა დადგენილი არ არის.
„ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი, რომელიც... ემსახურება ერთმანეთში დაპირისპირების გაღვივებას, დაყოფას, ცილისწამებასა და ბოღმას. მოგიწოდებთ, არავითარ შემთხვევაში არ გაავრცელოთ ეს ჩანაწერი და მეტიც… გთხოვთ, უბრალოდ, რეაგირების გარეშე დატოვოთ ეს სიბინძურე… ჩვენ არ გვაინტერესებს მსგავსი ჩანაწერები, ნეგატივი და ცილისწამება… ჩვენ გვაინტერესებს საქმე, ერთობა“, – დაწერა ლევან ხაბეიშვილმა.
პარლამენტის დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძემ გავრცელებულ ჩანაწერს ამაზრზენი უწოდა.
„ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს... ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ. ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის“, – დაწერა დეკანოიძემ.
„ნაცმოძრაობის“ წევრმა ზვიად კუპრავამ კი მომხდარში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა.
„ივანიშვილმა „უხილავი ხელით“ ერთხელ 2016 წელს გაყო პარტია. დღეს, 2023 წელს ამავე ხელით (უკვე ხილულით) ცდილობს საერთოდ წაიღოს ენმ, ან, როგორც მინიმუმ, 2016 წლის შედეგი გაიმეოროს და შუაზე გაყოს „ნაციონალური მოძრაობა“. ამაზე განსაკუთრებით დაფიქრდით ის ადამიანები, ვინც სამართლიანი და გულწრფელები ხართ თქვენ პრეტენზიაში, მაგრამ თქვენდაუნებურად დგახართ გაყოფის მხარეს“, – დაწერა კუპრავამ.
ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე დარწმუნებულია, რომ მისი თანამოაზრეები ამგვარ ჩანაწერებს ერთმანეთის წინააღმდეგ არ გამოიყენებენ.
„იმედი მაქვს და მჯერა, რომ ენმ-ის არცერთი სერიოზული ლიდერი ამგვარ ჩანაწერებს არავის წინააღმდეგ, მით უფრო კი გუნდის შიგნით, რაც არ უნდა ხდებოდეს, კონკურენციაში თუ პაექრობისას არასდროს გამოიყენებს“, – დაწერა ბარამიძემ სოციალურ ქსელში.
აუდიოჩანაწერი იმ დროს გავრცელდა, როდესაც „ნაცმოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩასატარებლად ემზადება. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც პარტიული ლიდერების ნაწილი მელიას ღიად დაუპირისპირდა. შემდგომში ბრძოლა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრე ბანაკსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში ლევან ხაბეიშვილი უდგას, კიდევ უფრო გამწვავდა.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.