თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. მსჯავრდებულ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ ფიზიკურად დაესწროს სასამართლო პროცესებს, განაცხადა მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
„მას სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს, ამას გავივლით. გარდა ამისა, მოწმეთა რიგითობის საკითხებზე შევჯერდებით. ვეტყვი, რას ვფიქრობ, როგორ ვფიქრობ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ხაჭაპურიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში მკვეთრად გაუარესდა. ხაჭაპურიძე აპირებს გამოითხოვოს სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორიის ბოლო ჩანაწერები.
„მოვითხოვთ, პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურ რეჟიმში, მათ შორის თუნდაც 09:00 საათიდან ღამის12 საათამდე“, – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები უკვე დიდი ხანია, ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან შეძლოს საზღვარგარეთ გამგზავრება და იქ მკურნალობა. ამის დასამტკიცებლად მათ საქმეში ჩართეს ამერიკელი ექსპერტები, რომელთაგან ორი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი სასამართლოში უკვე დაკითხეს.
ორივემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პროგრესირებადი დემენცია აქვს, რაც ორგანიზმში მძიმე ლითონების მოხვედრამ გამოიწვია.
გოლდსმიტმა და სმიტმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დიკრედიტაცია.
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.