თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერის კახა კალაძის მიერ 2022 წლის საქმიანობის შეჯამება დედაქალაქის საკრებულოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოდგა – საკრებულოს დეპუტატებმა ემოციები ვერ მოთოკეს და სხდომათა დარბაზი ორჯერ „ბრძოლის ველად“ იქცა.
კახა კალაძემ დღეს ტრადიციისამებრ სათათბირო ორგანოს დეპუტატებს შესრულებული სამუშაოს ანგარიში და დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი წარუდგინა.
ოპოზიციისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებს შორის ორჯერ ისეთი შეხლა-შემოხლა მოხდა, რაც კინაღამ მერის გამოსვლის ჩაშლის მიზეზი გახდა.
თავდაპირველად ოპოზიციონერ დეპუტატებს არ მოეწონათ სხდომათა დარბაზში მოჭიდავე გიორგი იანტბელიძის გამოჩენა, რომელიც სოფელ კორცხელში 2016 წელს არჩევნების დროს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მომხრეებს შორის ხელჩართული ჩხუბის მონაწილე იყო.
თავად იანტბელიძე საკრებულოში სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, რაც გააპროტესტეს დეპუტატებმა, რომლებმაც სპორტსმენს შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ ეს ყველაფერი დეპუტატებს შორის ჩხუბში გადაიზარდა.
მოგვიანებით საკრებულოს სხდომათა დარბაზი კვლავ იქცა ბრძოლის ველად. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ კალაძისთვის სიმბოლური ხელბორკილების გადაცემა სცადა, რამაც კვლავ გამოიწვია შეხლა-შემოხლა.
შემდეგ ჩხუბი ატყდა სხდომათა დარბაზის აივანზეც, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებმა გამოფინეს ბანერი „კორუფცია კლავს“, თუმცა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა აქტივისტების მოქმედება აღკვეთეს.
პარალელურად ოპოზიციონერმა აქტივისტებმა საკრებულოს შენობის წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს. მათ თბილისის მერის წინასაარჩევნო ლოზუნგი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ გადააკეთეს: „საცობებით სავსე ქალაქი“, „კორუფციით სავსე ქალაქი“ და ა.შ.
შენობის შიგნით მიმდინარე მოვლენებისგან განსხვავებით, გარეთ აქცია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
თავად თბილისის მერი ახლა დეპუტატების კითხვებს პასუხობს.