თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. უცხოეთში ლეგალური დასაქმების პროგრამით 2022 წელს საქართველოს 500-მა მოქალაქემ ისარგებლა, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ სეზონურ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე ლეგალურად წასვლის უფლება 2021 წლის 1 აპრილიდან მიეცათ. დასაქმებისთვის მათ სპეციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
„წელს საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდა რამდენიმე უცხო ქვეყანაში. ეს არ არის დიდი რიცხვი, თუმცა ამ პროგრამის გაფართოებას ვფიქრობთ და აქტიური მოლაპარაკება გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან. ესენია ისრაელი, გერმანია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, ვისთანაც გვაქვს კონტრაქტები, რათა კვოტები გაგვიზარდონ“, – განუცხადა ჟურნალისტებს აზარაშვილმა.
საკუთარი მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით საქართველოს კონტრაქტები აქვს გაფორმებული გერმანიასთან და ისრაელთან.
გარდა ამისა, საქართველომ უკვე დაასრულა მოლაპარაკებები საფრანგეთთან საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების თაობაზე, რომლის თანახმად, საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში დაიწყება საპილოტო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობის მიღებას და სეზონური სამუშაოს დაწყებას საქართველოს 100 მოქალაქე შეძლებს.
საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა ასევე შეთანხმებას ბულგარეთში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალურად დასაქმების შესახებ, აგრეთვე ამ თემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს პორტუგალიასთან, ესპანეთთან, ჩეხეთთან, ხორვატიასთან, კვიპროსთან, უნგრეთთან, ფინეთთან, საბერძნეთთან და ბელგიასთან.
სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეების ლეგალურ სამუშაოზე გაგზავნის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა და საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობის არარსებობის გამო მიიღო.