თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივ მინისტერიალზე უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული მოკავშირეები არიან. თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის 2012 წელს დაიწყო. ტრადიციული სამმხრივი მინისტერიალი წელს თურქეთში იმართება.
მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრებიც გამართა თავის კოლეგებთან – თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქართან და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან.
თურქ კოლეგასთან საუბრისას ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა თურქეთს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე თავდაცვის სფეროში და თურქეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მან განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება, თურქი ექსპერტების ჩართულობა და მხარდაჭერა.
გარდა ამისა, ორმხრივ შეხვედრებზე ბურჭულაძემ კოლეგებთან განიხილა რეგიონში არსებული უშიშროების გარემო, მზარდი საფრთხეები, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა.
მეზობელი რესპუბლიკების მინისტრები ასევე შეეხნენ ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს, კავშირების გაღრმავებას სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო წვრთნების მიმართულებით.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები. კერძოდ, ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ისტორიული მნიშვნელობისაა ენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელმძღვანელმა პირებმა ხელმოწერით დაადასტურეს.
საუბარია შეთანხმებაზე „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს. დოკუმენტი ოთხი ქვეყნის ინტერესებს ეფუძნება. პროექტის მიზანია ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება, ელექტროენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია.
შეთანხმების ფარგლებში ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას.