თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმიტომ გამოგზავნეს, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოთ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების კომენტარისას.
უკრაინის ლიდერმა თავის ყოველდღიურ მიმართვაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „მიიღონ გადაწყვეტილება, რომელსაც მისი (სააკაშვილის) სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია“ და იგი გადაიყვანონ უკრაინის, ევროპის ან აშშ-ის ერთ-ერთ კლინიკაში. მისი თქმით, ის, რაც ახლა სააკაშვილის ირგვლივ ხდება, ბოროტებაა და ეს საქართველოს არ შეშვენის.
„ჩვენ წინა პერიოდშიც ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია. დღეს ამ სპეცოპერაციის ავტორებმა სპეცოპერაციის შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ აკეთებდა განცხადებებს, რომ საქართველოს ომში ჩართვა უნდათ, ის ფაქტებით ხელმძღვანელობდა.
„მათ შორის, შემთხვევითი არ არის უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების განცხადება, რომ ომის ხალხი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამას გააკეთებდაო... ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ომში ჩართვის მიზნით, რაც ჩავარდა და დღეს ყველა განცხადებას ამ კონტექსტში განვიხილავთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად, რძის პროდუქტებით სავსე კონტეინერით 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს ორი სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზე. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ საქმეა აღძრული, მათ შორის, საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
კლინიკა „ვივამედის“ ექიმების გარდა, სააკაშვილი გამოიკვლია ომბუდსმენის აპარატთან შექმნილმა ექსპერტების ორმა ჯგუფმა და ასევე ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ უცხოელ ექიმებთან ერთად.
ექიმები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. მათი თქმით, საამისოდ არსებობს ყველა საფუძველი, კერძოდ, ექსპერტების სამედიცინო დასკვნა. სასამართლო სხდომა ამ საკითხზე 22 დეკემბერს დაინიშნა.
ექიმების ჯგუფის დასკვნით, სააკაშვილს აღენიშნება კუნთოვანი მასის შემცირება, მოძრაობის შეზღუდვა, ენერგეტიკული გამოფიტვა, კიდურებში მგრძნობიარობის დარღვევა, ცხელება, კოგნიტური გაუარესება (მეხსიერების გაუარესება, ქცევის შეცვლა), პოსტტრავმული სტრესული დარღვევის სინდრომი.
ომბუდსმენის აპარატის განცხადების თანახმად, ექსპერტების 2022 წლის 6 დეკემბრის დასკვნა დამატებით დიაგნოზსაც მოიცავს, მაგრამ ის, სენსიტიური ხასიათის გამო, არ გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, ინფორმაცია ამ დასკვნის შესახებ წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ამას გარდა, ცენტრი „ემპათია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ სააკაშვილი მოწამლულია. ცენტრის დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, თავის დროზე კლინიკა „ვივამედმა“ ჩაატარა ტოქსიკოლოგიური კვლევა გერმანიაში, რომელმაც სააკაშვილის სისხლში მცირე რაოდენობით ოთხი ლითონის არსებობა აჩვენა – ვერცხლისწყლის, დარიშხანის, თალიუმისა და ტყვიის.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.