თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი აბდულ ისმაილოვი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადა, იძულებული გახდა შეეწყვიტა ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ექიმების რჩევით, განაცხადა მისმა თანაპარტიელმა თემურ ჯანაშიამ.
15 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ სამმა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ, ანი წითლიძემ და აბდულ ისმაილოვმა პარლამენტის შენობაში მსჯავრდებულ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყეს. მოგვიანებით მათ თემურ ჯანაშია შეუერთდა.
„მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ერთადერთი, ჩვენი კოლეგა გამოგვაკლდა ისმაილოვი, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა გუშინ და სახლში გავუშვით. მისი გაჩერება არ შეიძლებოდა", - განაცხადა ჯანაშიამ ტელეარხ „მთავარის“ ეთერში.
ამ დროისთვის შიმშილობას აგრძელებს ენმ-ის სამი დეპუტატი: დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე 14 დეკემბერს დაგეგმილი სასამართლო პროცესი 22 დეკემბრამდე გადაიდო.
12 მაისიდან ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.