პარლამენტის დეპუტატებმა „ნაცმოძრაობიდან“ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადეს

სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულ ისმაილოვმა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადეს.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. შუამდგომლობის განხილვა პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ სასამართლოში უკვე ორჯერ გადაიდო. სააკაშვილი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.

„მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას“, – განაცხადა კირკიტაძემ.

მისი თქმით, ამ საკითხზე ფრაქციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა მათ მაინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.
კირკიტაძე დარწმუნებულია, რომ პროტესტის ამ ფორმას სხვებიც მიმართავენ – როგორც პარლამენტში, ისე სხვაგან.
ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილს უარი უთხრა სასამართლო სხდომაში დისტანციურ მონაწილეობაზე, სადაც მისი სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხი უნდა განხილულიყო, ექს-პრეზიდენტმა დაპატიმრების დღიდან (2021 წლის 1 ოქტომბერი) უკვე მესამედ შიმშილობა გამოაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა>>
სააკაშვილმა რამდენიმე საათში გამოაცხადა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატების რჩევას ითვალისწინებს და შიმშილობას წყვეტს. მისი თქმით, ევროდეპუტატებმა მას კატეგორიულად სთხოვეს, ამ ეტაპზე შეწყვიტოს შიმშილობა, რათა საბაბი არ მისცეს შესაბამის სამსახურებს, თითქოს ის თვითონ აყენებს საკუთარ თავს ზიანს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს