მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
გამოწერა
სააკაშვილმა დღეს შიმშილობა გამოაცხადა – იგი მოითხოვდა სასამართლოს სხდომაში დისტანციურად მონაწილეობის შესაძლებლობას.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. როგორც თავად სააკაშვილი განმარტავს, ამის მიზეზი ევროპარლამენტის დეპუტატებისგან მიღებული გზავნილი გახდა, სადაც ისინი კატეგორიულად მოითხოვენ შიმშილობის შეწყვეტას.
მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს, 14 დეკემბერს კვლავ შიმშილობა გამოაცხადა. იგი მოითხოვდა სასამართლო სხდომაში დისტანციურად მონაწილეობის შესაძლებლობას.

„ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს იმისთვის, თითქოს მე თვითონ ვაყენებ ჩემს თავს ზიანს“, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მისმა ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა გააცნო ჟურნალისტებს.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი შეუძლოდ ყოფნა მოწამვლას უკავშირდება.

„მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაში. იმიტომ რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების და მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატების მიერ არის დადასტურებული", – წერს სააკაშვილი.

სააკაშვილის მოწამვლის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მანამდე განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და თვითდაზიანებას ეწევა, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ საქართველოს ინტერესებს საფრთხე დაემუქრება, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილისთვის სასჯელის შეცვლის საკითხზე 14 დეკემბერს დაგეგმილი სასამართლო პროცესი 22 დეკემბრამდე გადაიდო. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“.
სააკაშვილმა დაკავების დღიდან, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ორჯერ გამოაცხადა. პირველი შიმშილობა 50 დღე გაგრძელდა, მეორე – 20 დღე. ამ შიმშილობებმა მისი ჯანმრთელობა შეარყია. მსჯავრდებული სააკაშვილი 12 მაისიდან სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
ადვოკატების თქმით, თუ სააკაშვილს 22 დეკემბერსაც არ მისცემენ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დასწრების უფლებას, მაშინ იგი მოსამართლის აცილების საკითხს დააყენებს.
სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. მათი თქმით, საამისოდ არსებობს ყველა საფუძველი, კერძოდ, ექსპერტების სამედიცინო დასკვნა.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.

დაბრუნება და დაკავება

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0