დეპუტატების ჯგუფი ევროპარლამენტში საქართველოს იმიჯს ლახავს - დეპუტატი

ევროპარლამენტის წარმომადგენელთა ნაწილი ცდილობს ქართული სახელმწიფოს იმიჯი შელახოს, აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ევროპარლამენტში არის დეპუტატების ჯგუფი, რომელიც საქართველოს მომხრეების სახით მოქმედებს, თუმცა ძალ-ღონეს არ იშურებს იმისთვის, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ძირი გამოუთხაროს, დაწერა სოციალურ ქსელში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპარლამენტმა მიიღო ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. ანგარიშში შევიდა ცვლილებები საკმაოდ მკაცრი ფორმულირებებით. საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებისა და ქვეყანაში მიღწეული პროგრესის შეფასებასთან ერთად, ანგარიში მოიცავს პუნქტებს, რომლებიც მიმართულია პირადად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ივანიშვილი ანგარიშში ოლიგარქად არის მოხსენიებული. იქვე ნათქვამია მის ნეგატიურ და გადაჭარბებულ გავლენაზე ქართულ პოლიტიკაზე.

„სამწუხაროდ, დღეს ევროპარლამენტში არის ჯგუფი, რომელიც საქართველოს მხარდამჭერების საფარქვეშ მოქმედებს და ძალისხმევას არ იშურებს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ მომავალს, დეზინფორმაციის კამპანიებში აქტიური მონაწილეობით შელახოს საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი, უგულებელყოს საქართველოს ხელისუფლების ის მიღწევები, რაზეც უნდა დაშენდეს ჩვენი ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ნების შესაბამისად", – დაწერა ბოჭორიშვილმა.

გულსატკენია იმის ყურება, თუ როგორ ხდება ამ მნიშვნელოვანი ევროპული ინსტიტუტის „მიტაცების“ მცდელობა ვიწრო ჯგუფების მიერ, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების და მიზნების გასახორციელებლად, აღნიშნა დეპუტატმა.
„რთულია სერიოზულად შეხედო ევროპარლამენტის იმ გზავნილებს, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და მიზანმიმართული დამაზიანებელი კამპანიების საფუძველზე საქართველოს შესახებ მცდარი აღქმების შექმნას და განმტკიცებას ემსახურება. ბევრ ლეგიტიმურ კითხვას აჩენს და არასახარბიელო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა ის პროცესი, რასაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ვაკვირდებით ევროპარლამენტში საქართველოსთან მიმართებით", – დაწერა ბოჭორიშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო - ივანიშვილი მიზანშია ამოღებული>>
მისი თქმით, ასეთი ძალისხმევის მოტივაცია ცალკე განხილვის საკითხია, რაც მრავალ კითხვას ბადებს და აზიანებს, პირველ რიგში, თავად ევროპული ინსტიტუტების იმიჯს.
„სწორედ მათი მოქმედების შედეგი გახლდათ ივნისის თვეში მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც ვითომდა მედიის თავისუფლების დაცვის ქვეტექსტით იქნა მიღებული და აბსურდული ბრალდებებით იქცა საბაბად ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, რომლითაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, უკრაინისგან და მოლდოვასგან განსხვავებით, კანდიდატობის სტატუსის გარეშე მიენიჭა", – აღიშნა ბოჭორიშვილმა.
რა წერია რეზოლუციაში?
საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ყოველწლიურ ანგარიშში გამოთქმულია წუხილი, რომ „ღრმა პოლარიზაცია კვლავ რჩება საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელ მახასიათებლად“.
დოკუმენტის მიხედვით, ბოლო დროს ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდა და დეზინფორმაცია, მმართველი პარტიის წევრები კვლავ იყენებენ პოლარიზაციის გამომწვევ და მტრულ გამონათქვამებს ევროკავშირის ინსტიტუტებისა და მათი წარმომადგენლების შესახებ საუბრისას.
„ქართული ოცნება" ევროდეპუტატებს მართლმსაჯულებაში პოლიტიზებულ ჩარევაში ადანაშაულებს>>
ევროპარლამენტის დეპუტატებმა მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ მხარეს, თავი შეიკავონ ყოველგვარი უთანხმოების გამომწვევი და აგრესიული რიტორიკისგან ევროპარლამენტისა და ევროატლანტიკური პარტნიორობის სხვა წარმომადგენლების მიმართ.
ევროპარლამენტი ასევე პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მიიღოს ზომები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია კი შეიწყალოს.
იქვე ნათქვამია, რომ სააკაშვილი მოწამლეს, თუმცა არც მედიკოსების, არც ხელისუფლების მხრიდან ამის ოფიციალური დადასტურება არ ყოფილა.
ევროდეპუტატები ასევე შეშფოთებული არიან ქალთა და ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების მდგომარეობით, ასევე საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის მზარდი მიმართვიანობის გამო.
ამასთან, ევროპარლამენტმა აღნიშნა საქართველოს, როგორც ევროკავშირის სავაჭრო პარტნიორის მაღალი პოტენციალი. ევროპარლამენტში აღნიშნეს საქართველოს პოზიტიური გამოცდილება სრულად მოქმედი საბაზრო ეკონომიკის აღმშენებლობაში და ამ მიმართულებით გატარებული რეფორმები.
რატომ იცავენ ასე „გამალებით“ ევროპარლამენტარები სააკაშვილს - დიმიტრი ხუნდაძის განმარტება>>
ასევე დადებითად შეფასდა საქართველოს ძალოვანი უწყებების თანამშრომლობა ევროპოლთან, მშრომელთა უფლებებზე გაზრდილი ზრუნვა, ასევე პოლიტიკური ძალების კონსულტაციები ახალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე.
ანგარიშის ავტორს, ევროპარლამენტის დეპუტატ სვენ მიქსერს არ მოეწონა ის, რომ შესწორებების შედეგად ერთ დოკუმენტში აღმოჩნდა მოწოდება სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და ასევე ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხიც.
„ჩემი აზრით, ართულებს მთლიან სიტუაციას, ართულებს ჩვენი მოთხოვნის და მოწოდების გათვალისწინების პროცესს, ჩვენი, როგორც მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს, რათა შევამციროთ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზება“, – განაცხადა მიქსერმა.
მისი თქმით, ამჟამად ყველაზე გადაუდებელ საკითხს წარმოადგენს ჰუმანიტარული მოსაზრებით სააკაშვილის გათავისუფლება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს