თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. თუ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭება იმაზეა დამოკიდებული, გათავისუფლდება თუ არა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან, მაშინ თავისთვის დაიტოვონ არაფრისმომცემი სტატუსი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ასე უპასუხა კალაძემ ევროპარლამენტის ზოგიერთი დეპუტატის საქართველოს ხელისუფლების კრიტიკასა და მოწოდებებს სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რათა მან შეძლოს საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა. ზოგიერთმა დეპუტატმა გუშინ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ისიც კი განაცხადა, რომ ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა.
„საოცარი განცხადებები ისმის. მაშინ საერთოდ რა საჭირო იყო 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა და, ზოგადად, რა საჭიროა შესრულება? თუ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულებაა, მაშინ თავისთვის დაიტოვონ არაფრისმომცემი სტატუსიც, ხოლო ჩვენ ყოველთვის ჩვენ გასაკეთებელს გავაკეთებთ“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გუშინ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
სააკაშვილის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კატეგორიულად მოითხოვენ ევროდეპუტატები: სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონი, რასა იუკნიავიჩენე, დევიდ მაკალისტერი, რაფაელ გლუკსმანი, პიატრას აუშტრიავიჩუსი და სხვები.
უფრო მეტიც, გლუკსმანმა განაცხადა, რომ სააკაშვილის საკითხი პირდაპირ უკავშირდება კანდიდატის სტატუსს. მისი თქმით, თუ სააკაშვილს პატიმრობისას რამე მოუვა, მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება. „ასეთ შემთხვევაში დაივიწყეთ ყველაფერი, რაც ევროპისგან შეგიძლიათ მიიღოთ", – აღნიშნა გლუკსმანმა.
ევროპარლამენტში ლიბერალების მოძრაობის წარმომადგენელმა პიატრას აუშტრიავიჩუსმა, თავის მხრივ, სააკაშვილისადმი მოპყრობას არაადამიანური და არაცივილიზებული უწოდა. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ჰუმანურობა უნდა აჩვენოს. თუ მიშა სააკაშვილს რამე მოუვა, საქართველოსთვის ბევრი კარი დაიხურება, აღნიშნა აუშტრიავიჩუსმა.
სააკაშვილის ადვოკატებმა 1 დეკემბერს სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მათი თქმით, ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს, მათ შორის, ექსპერტების სამედიცინო დასკვნები.
სასამართლომ საკითხის განხილვა უკვე მეორედ გადადო. სხდომა 22 დეკემბრისთვის დაინიშნა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.