თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემა გადაიხედება და გატარდება რეფორმა – ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღემდე სისტემა იყო გაფანტული და ისეთი ეფექტური არ იყო, როგორიც საჭიროა.
„ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იძლეოდა იმ ეფექტს, რომელიც ჩვენ გვინდა მივიღოთ. ამიტომ უსაფრთხოების სისტემაში შემავალ სამინისტროებთან გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის სიტყვებით, შეიქმნება ეფექტური სისტემა, რომელიც ექვსი, რვა და თერთმეტთვიანი პროგრამებისგან იქნება შედგენილი.
„ეს იქნება ინტენსიური სამხედრო მომზადება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ პირს ექნება მოხდილი სავალდებულო სამხედრო სამსახური და მიენიჭება რიგითის წოდება. მთავარი მიზანი იქნება ძლიერი რეზერვის შექმნა“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, პროექტის რეალიზაციას 80 მლნ ლარზე მეტი დასჭირდება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაცვლად ამას თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს.
„ეს პროცესი დაიწყება იანვრიდან, მაგრამ პროგრამა ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. მანამდე სისტემა მოემზადება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, რეგიონებში იგეგმება თავდაცვის ცენტრების მშენებლობა, რათა ახალგაზრდობისთვის უფრო მარტივი იყოს აუცილებელი ინფორმაციის ადგილზე მიღება.