რატი ბრეგაძე: სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში მოქმედებს

იუსტიციის სამინისტროს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება სურდა, მაგრამ სააკაშვილმა უარი თქვა, განაცხადა მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქმედებებში იკვეთება თვითდაზიანების ნიშნები, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს კვების დანიშნულ რეჟიმზე, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და მაშინ, როცა ეს მას სურს.

„ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არის გარკვეულწილად მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას და ეს ადამიანი (სააკაშვილი), სამწუხაროდ, მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში, როგორც მოქმედებდა, მაგალითად, №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, როდესაც ის არ იღებდა მისი მკურნალობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს", – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მინისტრის ინფორმაციით, სააკაშვილი არ იცავს მკურნალობის კურსის მოთხოვნებს.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება იმ მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეულია უშუალოდ ექიმების მიერ. ბუნებრივია, აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის, რადგან სხვაგვარად რა განკურნებაზეა საუბარი. ხაზგასმით ვიტყვი, თუ ადამიანი და მისი გარემოცვა დაინტერესებული არიან განკურნებით და არა მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების მოპოვებით, ამ შემთხვევაში რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ექიმთან?“ – აღნიშნა ბრეგაძემ.
რაც შეეხება ექს-პრეზიდენტის სავარაუდო მოწამვლის საკითხს, იუსტიციის მინისტრმა ამას პიარ-კამპანიის ნაწილი უწოდა.
რატი ბრეგაძე: ოპოზიცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მონაცემებით მანიპულირებს >>

„შემდგომში გავრცელდა ინფორმაცია ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ. მთელი ამ კამპანიის მიზანი არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, საერთაშორისო პრესის ფურცლების აჭრელების შედეგად შეიქმნას სურათი, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა ყოფილიყო მოწამლული. თუმცა, ჩვენ ვნახეთ, როცა მან თავად განაცხადა, რომ ამის შესახებ მას საუბარი არასოდეს ჰქონია“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს სურდა ჩაეტარებინა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა. თუმცა შემდგომში მას მაინც ჩაუტარდა ეს ექსპერტიზა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ფაგლებში.
როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? კლინიკა „ვივამედის“ განმარტება >>
ყოფილი პრეზიდენტი 12 მაისიდან სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შიმშილობის შემდეგ დაეწყო, რომელიც 50 დღე გრძელდებოდა.
1 დეკემბერს ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. 194-გვერდიან დოკუმენტზე ათი ქართველი და ექვსი უცხოელი სპეციალისტი მუშაობდა.
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექს-პრეზიდენტს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები, დაკავშირებული ნეიროფსიქიკურ, გასტრო-ენტეროლოგიურ, ასევე საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებთან. აგრეთვე პრობლემები მხედველობის მხრივ, დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების, ძვლების ტკივილი.
სასამართლო სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხს კვირის ბოლოს განიხილავს >>
ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილს მთელ სხეულზე აღენიშნება ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგს.
მარიამ ჯიშკარიანმა ადრე განაცხადა, რომ თმის ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე ლითონები გამოავლინა, რომლებიც ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი შეიძლება იყოს. თავად სააკაშვილმა მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ განცხადებებს სპეკულაცია უწოდა.
ამის შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის ნიმუშები აიღეს.
სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი დაცვის ქვეშ მყოფის სხვა კლინიკაში გადაყვანა არ გამორიცხა.
1 დეკემბერს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ამ საკითხზე სასამართლო სხდომა 9 დეკემბერს ჩაინიშნა.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილი სრულფასოვნად უნდა იკვებებოდეს - „ვივამედის“ დირექტორი >>
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.